„ქართული ხელნაწერების 3D ვიდეოინსტალაცია მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიოს კულტურული სივრცისთვის“

პირველად საქართველოში, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებში დაცული უნიკალური კოლექციის 3D ვიდეოინსტალაცია  მოხდა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მიიჩნევს, რომ 3D ინსტალაციის მნიშვნელობა განუზომელია და მისი პოპულარიზაცია აუცილებელია როგორც ქართულ საზოგადოებაში, ასევე საერთაშორისო სივრცეში. მისივე თქმით, ხელნაწერთა ცენტრში დაცული მასალა საინტერესო და მნიშვნელოვანია, როგორც ქართველებისათვის, ასევე უცხოელებისათვის, იქნებიან ეს მეცნიერები თუ ისტორიითა და კულტურით დაინტერესებული ადამიანები.
ღონისძიების ფარგლებში რამდენიმე წიგნის პრეზენტაციაც გაიმართა, მათ შორის გამომცემლობა „ბაკმის“ მიერ გამოცემული ბეგთაბეგისეული „ვეფხისტყაოსნისა“ და ავტორთა კოლექტივის მიერ შექმნილი წიგნისა „ქართული ხელნაწერი“.
საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი მნიშვნელოვანი ინტელექტუალური და კულტურული მემკვიდრეობის საცავია. მის კოლექციებში შემონახულია როგორც საეკლესიო, ასევე საერო შინაარსის უნიკალური ხელნაწერები – ძვირფასი ქვებით მოჭედილ ყდებში ჩასმული მდიდრულად მოხატული სახარებები, ასევე, ასტროლოგიური, „ქართლის ცხოვრების“,  „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერები, ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილი რუკები და სხვ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები