შოთა ხაბარელი: „ნაცმოძრაობამ“ სპორტს დიდი დაღი დაასვა, ეს დღესაც ვერ მოუშუშებია ქვეყანას

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ სპორტს დიდი დაღი დაასვა და ეს დღესაც ვერ მოუშუშებია ქვეყანას, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შოთა ხაბარელმა განაცხადა.
შოთა ხაბარელი პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ვაშაძემ სპორტთან დაკავშირებით “დოიჩე ველესთან” გააკეთა.
„მათ გააუქმეს სპორტული სკოლები, სპორტის აკადემია, სპორტის კოლეჯი, 300 000 მსმენელიდან ჩამოიყვანეს 30 000-ზე, გაყიდეს ყველანაირი ინფრასტრუქტურა, დადეს კაბალური ხელშეკრულებები, მოედნები, სპორტული დარბაზები გაყიდეს, ფაქტობრივად. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აღვადგინეთ სპორტის აკადემია, კოლეჯი, აშენდა ბევრი სპორტული დარბაზი, მოედანი, ჯერ კიდევ შორს ვართ, იმდენად დიდი ზიანი მიაყენეს სპორტს“, – განაცხადა ხაბარელმა.
მისი თქმით, სპორტის დაფინანსებაზე გრიგოლ ვაშაძის განცხადებები სპორტისთვის საშიშია
„როცა ჩვენ ვამბობთ, რომ პრობლემები გვაქვს სპორტში ჩართულობის, გამოდის და კიდევ ამბობს, რომ ფეხბურთს, რომელიც არის სპორტის ლოკომოტივი, დაფინანსებას მოუხსნის. მე ვიცი, რომ ნამდვილად ასე იქნება, მოუხსნის, მაგრამ ეს არ მოხდება, რადგან ისინი აღარასდროს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში და სპორტი განვითარდება. ჩვენ გავასამმაგეთ სპორტის ბიუჯეტი, ავწიეთ ჩართულობა.
რასაც ვაშაძე საუბრობს, ეს არის ყველაფერი სიცრუე, მას არანაირი ბერკეტი არ გააჩნია იმისათვის, რომ ბიუჯეტში კორექტირება შეიტანოს. სპორტი პოლიტიზებული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში. კარგად იცის ყველამ, რომ ყველა ფედერაციის აღმასკომი დაკომპლექტებული იყო „ნაცმოძრაობის“ ლიდერებისგან, ზონდერბრიგადები იყო შექმნილი, სპორტსმენები ამ ზონდერბრიგადებში იყვნენ ჩართულები. დღეს სპორტის პოლიტიზირება არ ხდება“, – განაცხადა ხაბარელმა.
შეგახსენებთ, გრიგოლ ვაშაძემ “დოიჩე ველესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ სპორტის დაფინანსების პროგრამები ფუფუნებაა და აქვე დაამატა, რომ ფეხბურთის, ბეისბოლის, ჰოკეის პროგრამებს დაფინანსებას მოუხსნის. აღნიშნულ თანხებს კი მთლიანად ჯანდაცვაში, სოციალურ პროგრამებში, ასევე, განათლებასა და უსაფრთხოებაში გამოიყენებს.
 
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები