საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტს მხარი დაუჭირა

0

მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტისა და „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2019-2022 წლებისათვის“ დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტების თაობაზე იმსჯელეს დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე. მომხსენებლის გამოსვლამდე კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, რომ შემოტანილ ვერსიაში მთავრობამ საპარლამენტო კომიტეტების წინადადებები გაითვალისწინა, კერძოდ, პირველად წარდგინებასთან შედარებით შემოსავლები გაზრდილია 375 მლნ ლარით, ხოლო ხარჯვითი ნაწილი – 268 მლნ ლარით. „ასიგნებები აღწევს 12 მლრდ 997 მლნ ლარს ანუ თითქმის 13 მილიარდია. მსგავსი ციფრები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა. არის რამდენიმე პროგრამა, რომლის დაფინანსებაც გაზრდილია. კერძოდ, სოციალური დაცვის, ჯანდაცვის, განათლების, თავდაცვის, ეკონომიკის სამინისტროს სხვადასხვა პროგრამები. გარდა ამისა 69 მლნ 500 ათასი ლარია განსაზღვრული ნაკლებად დაცული ოჯახებისათვის. ამასთან, 144 000 ბავშვი მიიღებს 50 ლარიან დახმარებას. მეორად ვერსიაში ეკონომიკური ზრდის პარამეტრები იგივეა“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, საკომიტეტო მოსმენების დასრულების შემდეგ, საქართველოში იმყოფებოდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია. მისივე თქმით, მისიასთან ერთადაც იქნა განხილული ის მაკროეკონომიკური პარამეტრები, რომელზეც 2019 წლის ბიუჯეტია დაფუძნებული.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან, რომელმაც პროგრამის მიმოხილვა მიმდინარე წლის ოქტომბერში დაასრულა, შეთანხმდა ძირითადი პარამეტრები 2019 წლისათვის: ეკონომიკური ზრდა – 4,5%; მშპ-ს დეფლატორი – 3,5%; ინფლაცია – 3,0%; საბიუჯეტო დეფიციტი – 2,6%“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
მისი განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები პირველ წარდგენასთან შედარებით იზრდება 357.0 მლნ ლარით, მათ შორის: გადასახადები – 80 მლნ ლარით; გრანტები – 102 მლნ ლარით, ძირითადად ევროკავაშირთან არსებული საიუჯეტო დახმარების ფარგლებში; კრედიტები – 145 მლნ ლარით, მათ შორის საბიუჯეტო დახმარება 90 მლნ ლარით.
როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები პირველ წარდგენასთან შედარებით იზრდება 268.0 მლნ ლარით.მათ შორის, სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის 50 ლარის ღირებულების პაკეტის გასაცემად (20 ლარიანი ფულადი დახმარება + 30 ლარიანი კვების ვაუჩერი) – 70 მლნ ლარი; თავდაცვის სამინისტროს აღჭურვისთვის – 92 მლნ ლარი; საკრედიტო საგარანტიო სქემის ასამოქმედებლად მეწარმეობის განვითარების პროგრამას ემატება 10 მლნ ლარი და ჯამურად ამ მიმართულებით 20 მლნ ლარი იქნება გათვალისწინებული;
იზრდება გაზიფიცირების პროგრამის ბიუჯეტი 10 მლნ ლარით და ჯამურად რეგიონებში გაზიფიცირებისათვის გაიხარჯება 40 მლნ ლარი; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსება იზრდება 34 მლნ ლარით, მათ შორის, ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებისათვის 10 მლნ ლარი. “არსებული მაკროეკონომიკური პროგნოზების გათვალისწინებით, 2018 წელს მოსალოდნელია საგადასახადო შემოსავლების გადაჭარბებით შესრულება, შესაბამისად, განახლებული პროგნოზი შეადგენს 10 500,0 მლნ ლარს”,- განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მან დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა. კომიტეტმა შენიშვნების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირა ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტის პლენარულ სხდომაზე გატანას.
დღესვე იმსჯელეს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონა და „პაციენტის უფლებების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე. ცვლილებების მიზანია ქვეყნისათვის საჭირო, პროგრესული და საჭიროებებზე ორიენტირებული სამართლებრივი გარემოს შექმნა, რათა ხელს შეუწყობს ქვეყანაში პალიატიური და ჰოსპისური მზრუნველობის, როგორც ჯანდაცვის ერთიანი სისტემის კომპონენტის და ადამიანის ფუნდამენტური უფლების განხორციელებასა და მაღალი სტანდარტის სამედიცინო მომსახურების მიღებას. კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებებიდან ქვეპროგრამა 35 03 03 05 ფარგლებში. 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში აღნიშნული ღონისძიებები გათვალისწინებულია ქვეპროგრამით – ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობა 3,000.0 ლარის ფარგლებში, ჰოსპისური მზურნველობის დეფინიციის შემოტანამ შესაძლოა გამოიწვიოს 2019 წლის სახელმწფო ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის სახელწოდების ცვლილება. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.
სხდომაზე მუხლობრივად განიხილეს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ შესატანი ცვლილება, რომელიც ელექტროძრავიანი ავტობუსებისა და მიკრო ავტობუსებისათვის შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმს შექმნით. როგორც ინიციატორმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, ეს ხელს შეუწყობს ელექტროძრავაზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის ზრდას. საბოლოოდ, აღნიშნული ინიციატივა ემსახურება მწვანე ეკონომიკის ზრდას და მდგრად განვითარებას, რაც, თავის მხრივ, საქართვლოსა და ევროკავშირს შორის 2014 წელს დადებული ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

დღესვე კომიტეტის მიერ განხილული და მხარდაჭერილი იქნა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი რამდენიმე დოკუმენტი: „დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის აღკვეთის მიზნით საგადასახადო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებების დანერგვის შესახებ“ მრავალმხრივი კონვენცია; „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KFW), მაინის ფრანქფურტი, და საქართველოს, წარმოდგენილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ („მსესხებელი“), შორის სასესხო ხელშეკრულება (აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამა, საქართველო); „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KFW), მაინის ფრანქფურტი, და საქართველოს, წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ („მსესხებელი“), შორის სასესხო შეთანხმება (პოლიტიკაზე დაფუძნებული სესხი)“; „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო შეთანხმება“; „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (ხევი-უბისას მონაკვეთი) გაუმჯობესების პროექტი“.

კომიტეტმა მოისმინა და ცნობად მიიღო „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პერსონალის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა“ ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი პარლამენტის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, პაატა კვიჟინაძემ წარმოადგინა.

კომენტარები

კომენტარი