„კატინი – დღე განსაკუთრებულად დაიწყო“ – გამოფენა 30 ნოემბრამდე გასტანს
6-30 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ოკუპაციის საგამოფენო დარბაზში გამოფენა – „კატინი – დღე განსაკუთრებულად დაიწყო“ – მიმდინარეობს.
გამოფენა ეძღვნება საბჭოთა ოკუპაციის დროს კატინში დაღუპულთა ხსოვნას.
კატინის ხოცვა-ჟლეტის დროს დაიღუპა დაახლოებით 22 ათასი პოლონელი ტყვე. მათი მკვლელობა მოხდა 1940 წლის გაზაფხულზე შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის (НКВД-ს) დანაყოფების მიერ. ტყვეთა ოჯახის წევრების მიმართ განხორციელდა რეპრესიები, გადასახლებები. იყო ხანგრძლივი დუმილი საერთაშორისო არენაზე საბჭოთა რეჟიმის მიერ განხორციელებულ გენოციდზე, მაშინ როცა მასობრივი სიკვდილით დასჯის ისტორია საბჭოთა ოკუპაციის ქვეშ მყოფი პოლონელებისთვის რთული ეტაპის დასაწყისი იყო.
გამოფენის მიზანია, წარმოაჩინოს თუ რა არის კატინი და რა მნიშვნელობის მატარებელია იგი პოლონეთისთვის. დამთვალიერებელი გაეცნობა როგორც კატინის ისტორიას, ასევე თითოეული დაღუპული გმირის ამბავს. სპეციალურად გამოფენისთვის მომზადდა ვიდეომასალა, სადაც მსხვერპლთა შვილები საუბრობენ მათი თვალით დანახულ ამბებზე. ფილმებსა და ისტორიულ ინფორმაციასთან ერთად, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება არტეფაქტები, მათ შორის დაღუპულთა პირადი ნივთები.
გამოფენა ხორციელდება ვარშავაში პოლონეთის არმიის მუზეუმის განყოფილების, კერძოდ, კატინის მუზეუმთან და თბილისში პოლონურ ინსტიტუთან თანამშრომლობით. გამოფენის მხარდამჭერია პოლონეთის ეროვნული ფონდი.
მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი. შ. რუსთაველის გამზ. 3.