ვინ უფარავს მურმან დუმბაძეს ათობით ათასიან კრედიტს – “რომელ ოპოზიციურ პარტიაშიც შევედი, ყველგან მოვიგეთ არჩევნები”

პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა, მურმან დუმბაძემ, რომელმაც პარლამენტის დეპუტატის იმუნიტეტი კოალიცია “ქართული ოცნების” სიით მოიპოვა, 2013 წელს “ზირაათ ბანკიდან” 100 ათასი აშშ დოლარის სესხი აიღო და ეს თანხა 2018 წლის დეკემბერში სრულად უნდა დაფაროს.
ამჟამად, მურმან დუმბაძე გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს უჭერს მხარს, რომელმაც გამარჯვების შემთხვევაში, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დააანონსა. მურმან დუმბაძე იმედოვნებს, რომ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში, პარლამენტის იმუნიტეტს კვლავ მოირგებს.
აღსანიშნავია, რომ ყოფილ დეპუტატს, რომელიც პარლამენტში ყოველწლიურად 66 060 ლარს იღებდა, ბანკში კვლავ რჩება სოლიდური ვალი.
ყოფილი დეპუტატის ბოლო ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც მან 2016 წელს შეავსო, ირკვევა, რომ იმ დროისათვის, “ზირაათ ბანკში” მხოლოდ 24 960 აშშ დოლარი ჰქონდა დაფარული ანუ დარჩენილი ჰქონდა დაახლოებით 75 040 აშშ დოლარი.
როგორც გაირკვა, მას შემდეგ, რაც მურმან დუმბაძემ დეპუტატის მანდატი დაკარგა და “ოცნების” სიით პარლამენტში ვეღარ მოხვდა, ბანკის ვალდებულება შვილს, მუხრან დუმბაძეს გადააბარა.
“ვალები მქონდა და სესხი ავიღე, ქონება როგორც სხვა თანამდებობის პირებმა დააგროვეს, ბინები არ შემიძენია, ეს სესხი აღარც მახსოვს, იმიტომ რომ ბოლო წლებია ჩემი შვილი იხდის. მას საკმაოდ დიდი შემოსავალი აქვს, ახლაც შორეულ ნაოსნობაში იმყოფება”, – აცხადებს მურმან დუმბაძე.
გარდა ამისა, მურმან დუმბაძე “კვირასთან” საუბრისას აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გრიგოლ ვაშაძე გაიმარჯვებს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიც დაინიშნება.
პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რომელმაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისას საზოგადოებას თავი “წყევლით” დაამახსოვრა, ამჟამად აცხადებს, რომ “მარჯვენა ხელს ფეხიც დაემატება.”
“წელს ვამბობ, რომ მარჯვენა ხელს ფეხიც უნდა დაემატოს, რომელ ოპოზიციურ პარტიაშიც შევედი, ყველგან მოვიგეთ არჩევნები, ამიტომ ჩვენ 28 ოქტომბერს უკვე მოვიგეთ არჩევნები ქართველ ხალხთან ერთად და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურსაც მოვიგებთ”, – აღნიშნა მურმან დუმბაძემ.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ მურმან დუმბაძეს, გრიგოლ ვაშაძის მსგავსად, უმაღლესი განათლება მოსკოვში აქვს მიღებული. თავდაპირველად უმაღლესი განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო, მათემატიკის ფაკულტეტზე. შემდეგ სწავლა მოსკოვში, მართვის პრობლემების ინსტიტუტში გააგრძელა, შემდეგ კი ამავე ინსტიტუტის ასპირანტი გახდა. სწორედ ამ დროს შეეძინა ორივე შვილი. მუხრანი 1985 წელს, რუსუდანი კი 1987 წელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები