არჩილ თალაკვაძე რესპუბლიკელებზე: როგორც ჩანს, სააკაშვილის მიერ თავზე ხელის გადასმა დაიჯერა ლევან ბერძენიშვილმა

“არ ვფიქრობ, რომ მცირე და დაბალრეიტინგული პოლიტიკური პარტიების განცხადებები რამეს გააძლიერებს ან შეასუსტებს, „ქართული ოცნებას“ სალომე ზურაბიშვილთან ერთად ექნება ბევრად მაღალი შედეგი მეორე ტურში”,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ პარტია “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მან “რესპუბლიკური პარტიის” გადაწყვეტილების შეფასებისას აღნიშნა, მათთვის მიხეილ სააკაშვილის თავზე ხელის გადასმა უფრო ღირებული აღმოჩნდა, ვიდრე თავისუფლება და დემოკრატიის პრინციპები.
„ალბათ, შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ ახლა მიიღეს „რესპუბლიკელებმა“ ეს გადაწყვეტილება. არაერთი თავდასხმა იყო “რესპუბლიკურ პარტიაზე” სააკაშვილისა და მისი გუნდის, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. საზოგადოებისთვის, ისევე როგორც ჩემთვის, გაუგებარია მათი ეს პოზიცია და ვფიქრობ, ეს არ არის ამ პარტიის პრინციპული პოზიცია. თუმცა ერთი შეხედვით, როგორც ჩანს, სააკაშვილის მიერ თავზე ხელის გადასმა დაიჯერა ლევან ბერძენიშვილმა, დაიჯერეს ამ პარტიის ლიდერებმა და მათთვის ეს აღმოჩნდა უფრო მაღალი ღირებულება, ვიდრე თავისუფლება, დემოკრატია და ის პრინციპები, რისთვისაც თავის დროზე „ქართული ოცნება“, როდესაც იყო ოპოზიციაში და მთელი საზოგადოება დაუპირისპირდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის სტილს. ეს მათი გადაწყვეტილებაა და საზოგადოების მხრიდან ამ გადაწყვეტილებას შეფასება ექნება მეორე ტურში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები