არჩილ თალაკვაძე: ენზელ მკოიანი აგრძელებს ჩვენთან ერთად ბრძოლას და საქმიანობას ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ უმრავლესობის წევრ ენზელ მკოიანზე საუბრისას განაცხადა, რომ მას არანაირი უფლებამოსილება და იმუნიტეტი არ შეუწყდება.
მისივე თქმით, ცხადია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” გაღიზიანება საპრეზიდენტო არჩევნებში სამცხე-ჯავახეთში “ქართული ოცნების” წარმატებამ განაპირობა.
„რამდენიმე დღეა გრძელდება პერსონალური შეტევა ჩვენს კოლეგაზე, უმრავლესობის და პარლამენტის წევრ ენზელ მკოიანზე, რომელიც წარმოადგენს პარლამენტში სამცხე-ჯავახეთის რეგიონს. ოპოზიციას აქვს გაუგებარი მოთხოვნები, თითქოს მას იმუნიტეტი უნდა მოეხსნას, უფლებამოსილება შეუწყდეს. მინდა პირდაპირ გიპასუხოთ: არანაირი იმუნიტეტის მოხსნა, არანაირი უფლებამოსილების შეწყვეტა არ იქნება მასთან მიმართებაში. ენზელ მკოიანი აგრძელებს ჩვენთან ერთად ბრძოლას და საქმიანობას ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ჩვენ კიდევ უფრო კარგი შედეგები გვექნება მეორე ტურში სამცხე-ჯავახეთში. ნათელია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გაღიზიანება, მათი მხრიდან თავდასხმები, ზუსტად გამოიწვია იმან, რომ ენზელ მკოიანმა და ჩვენმა გუნდმა, „ქართულმა ოცნებამ“ სამცხე-ჯავახეთში ძალიან მაღალი შედეგები აჩვენა. მე მინდა თავად ფაქტსაც გამოვეხმაურო, რაზეც ეს კამპანია ააგო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გრიგოლ ვაშაძის შტაბმა. რეალურად, ჩანაწერებით გამოძიება დაწყებულია, დიდი იმედი მაქვს რომ აბსოლუტურ სიმართლეს დაადგენს გამოძიება, მაგრამ ამოღებული ჩანაწერებით, რომელიც ბენზინგასამართი სადგურის კამერებმა აჩვენეს, ნათლად ჩანს, რომ სწორედ ვაშაძის მხარდამჭერების მხრიდან იყო უმძიმესი პროვოკაცია, შეურაცხყოფა, პლაკატების ჩამოხევა და ძალადობის დემონსტრაციული ესკალაცია. შესაბამისად, მოვუწოდებ სამართალდამცავებს, რომ ძალიან დიდი ყურადღებით, ასევე სხვა გარემოებებთან ერთად, შეაფასონ ეს გარემოებაც. ჩვენ ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას. მშვიდად ჩატარდა, ნახეთ ყველამ, არჩევნები საქართველოში. ძალადობა არის ის მეთოდი, რომელითაც თავის დროზე მუშაობდა ნაციონალური მოძრაობა და არასოდეს „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება არ უცდია ძალადობით. შესაბამისად, საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, თუ როგორ ხდება რეალურად ამ პროცესების ინსპირირება”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები