მამუკა ბახტაძე: ძალები, რომლებიც ცრუ ინფორმაციით ცდილობენ, შექმნან ნეგატიური ილუზია, ამას ვერასოდეს ეღირსებიან

“ძალები, რომლებიც ცრუ ინფორმაციის გავრცელებით ცდილობენ, შექმნან ნეგატიური ილუზია, ამას ვერასოდეს ეღირსებიან”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე რამდენიმე დღის წინ ჯონ ბოლტონთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას, ე.წ fake news-ს.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამგვარი რამ ყოვლად მიუღებელია, ვინაიდან საქართველოს ეროვნული ინტერესები – უსაფრთხოება და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ყველანაირ პარტიულ ინტერესზე და მით უმეტეს, არჩევნებზე მაღლა დგას.
„ჩემთვის ეს თემა შეიძლება ძალიან ემოციური იყოს, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, საზოგადოების დიდი ნაწილისთვისაც ემოციურია, რას კადრულობს ზოგიერთ ოპონენტი, როდესაც მსგავსი დეზინფორმაციით ავსებს სოციალურ ქსელს და მათ შორის, მედიასაშუალებებს. საქართველო მყარად დგას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობა ყველა განზომილებაში, განსაკუთრებით უსაფრთხოების ნაწილში არასოდეს ყოფილა ასეთი მაღალი დონის. შესაბამისად, ძალები, რომლებიც ცრუ ინფორმაციის გავრცელებით ცდილობენ, შექმნან ნეგატიური ილუზია, ამას ვერასოდეს ეღირსებიან”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრმა ამერიკელ მეგობრებსა და კოლეგებს გავრცელებულ fake news-თან დაკავშირებით გაკეთებული ძალიან პრინციპული განმარტებისთვის მადლობა გადაუხადა.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ის მეთოდები, რომლითაც ჩვენი არამეგობარი ძალები ხშირად მოქმედებენ, ასე აქტიურად აისახა საქართველოშიც. თუმცა, მინდა გავიმეორო, რომ ისინი ვერასოდეს ეღირსებიან, მიაღწიონ მიზანს. ის ფუნდამენტი, რაც ჩვენ შევქმენით, შეუქცევადია”, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, 2 დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა საქართველოში ვიზიტისას გამოხატა შეშფოთება საქართველოს მიერ შეძენილ თავდაცვით შეიარაღებასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები