ეროვნული სასახლე საბავშვო და ახალგაზრდულ საერთაშორისო ფესტივალს – „თაობას“ იწყებს

 1- 5 ნოემბერს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე საბავშვო და ახალგაზრდულ საერთაშორისო ფესტივალს – „თაობას“  მასპინძლობს. 1 ნოემბერს, 17 საათზე, ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონიის შემდეგ, პროგრამა დაიწყება თეატრალური სკოლა-სტუდია „ბერიკების“ სპექტაკლით „ჰელადოსი“. 5 ნოემბერს, ეროვნულ სასახლეში პირველი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის საზეიმო დახურვა და ნომინაციებში გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართება.
როგორც „კვირას“ ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ აცნობა, ეროვნული სასახლის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში მაყურებელი იხილავს როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის, ლიეტუვის, რუსეთის, სომხეთის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრალური კოლექტივების მრავალფეროვან და საინტერესო სპექტაკლებს. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება მასტერკლასები.

თიკა რუხაძე: „ეროვნული სასახლის თეატრალური ფესტივალი 2018 წელს პირველად ჩატარდება და შემდეგ ორ წელიწადში ერთხელ გაიმართება.
ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია რეჟისორი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე გოგი თოდაძე.
ფესტივალის მიზანია თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაცია, ნიჭიერი ახალგაზრდების წარმოჩენა, საბავშვო და ახალგაზრდული თეატრალური სტუდიების საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა, მოზარდთა შემოქმედების ერთმანეთისთვის გაცნობა, გამოცდილების გაზიარება.
ფესტივალის მხარდამჭრები არიან – თბილისის მერია და საკრებულო.
ფესტივალი საერთაშორისოა, გვყავს როგორც უცხოური საბავშვო – ახალგაზრდული კოლექტივები, ასევე საქართველოდან –  რამდენიმე კოლექტივი, მათ შორის სტუდია „ეტსეტერა“, სტუდია „ბერიკები“, ზესტაფონის ბავშვთა კოლექტივი,  რასაკვირველია, მონაწილეობენ ეროვნული სასახლის თეატრალური მიმართულების ბავშვები.
პროგრამაში 8 სპექტაკლი იქნება. გამარჯვებულებიც 8 ნომინაციაში გამოვლინდებიან. მაყურებელთა სიმპათიისა და ბავშვთა სიმპათიის პრიზს დაემატება ნომინაციები საუკეთესო გოგონას, საუკეთესო ბიჭუნას როლის გამოსავლენად, საუკეთესო ეპიზოდისთვის თუ სპექტაკლისთვის…  რაღა თქმა უნდა, დაწესებულია ფესტივალის გრან – პრი.
კომპეტენტური ჟიური თეატრალური საზოგადოებისთვის ცნობილი რეჟისორებისგან, კრიტიკოსებისგან და დრამატურგებისგანაა დაკომპლექტებული. ასევე იმუშავებს მეორე – საბავშვო ახალგაზრდული ჟიური, რომელშიც სასახლის მოსწავლეები და სხვა ბავშვები გაერთიანდებიან, მათ შორის უცხოელებიც.  ანუ ორი ჟიური იმუშავებს. ბავშვები ნახავენ ყველა სპექტაკლს და ბავშვთა ჟიური აირჩევს თავის რჩეულს. მას სპეციალური პრიზი გადაეცემა. დანარჩენი  7 ნომინაციის საუკეთესო წარმომადგენლებს მეორე ჟიური გაანაწილებს.
ფესტივალს „თაობა“ ჰქვია. ამ სახელწოდებით უკვე ტარდება მსგავსი ტიპის კინოფესტივალი. სასიხარულოა, რომ თეატრალური ფესტივალიც გვექნება, ასევე – მუსიკალური, ქორეოგრაფიული ფესტივალებიც…. ეროვნული სასახლის ორგანიზებით,  5 ფესტივალი ერთიანდება ერთი ქუდის ქვეშ“.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები