მიხეილ სააკაშვილი “ოცნების” მხარდამჭერებს ხელშეუხებლობის გარანტიას აძლევს (ვიდეო)

“ნუ შეასრულებთ ინსტრუქციას, მე გაძლევთ გარანტიას, რომ არავინ არ იქნება სამსახურიდან დათხოვილი, მე გაძლევთ გარანტიას, რომ არავის არავინ არ შეეხება, მე გაძლევთ გარანტიას, რომ სრულიად დაცული იქნება თქვენი უფლებები”, – ასე მიმართა სოციალური ქსელით უცხოეთში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა “ოცნების” შტაბის კოორდინატორებს და მხარდამჭერებს.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, იგი საქართველოში მიმდინარე საარჩევნო გარემოს თვალყურს ადევნებს და ყველა ინფორმაციას იღებს. მისივე თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების აქტიურობით უფრო კმაყოფილია, ვიდრე წარმოედგინა.
“ყველაფერი მიდის ძალიან მაგრად, მეგობრებო, ძალიან მაგრად, ვიდრე წარმომედგინა. ახლა ერთი რამ მინდა გითხრათ, ყველაფერი ძალიან მაგრად მიდის, მინდა მოგმართოთ ადმინისტრაციული რესურსის წარმომადგენლებს და “ოცნების” შტაბის წევრებს და დამკვირვებლებს: შედეგი უკვე განპირობებულია, მეგობრებო. ძალიან გთხოვთ, თუ ახლა მიიღებთ რაიმე ინსტრუქციას, რაიმე ჩაყრის ან გაყალბების ან თავზე ხელის აღების, ნუ შეასრულებთ. მე გაძლევთ გარანტიას, რომ არავინ არ იქნება სამსახურიდან დათხოვილი, მე გაძლევთ გარანტიას, რომ არავის არავინ არ შეეხება, მე გაძლევთ გარანტიას, რომ სრულიად დაცული იქნება თქვენი უფლებები. ვერავინ გაიაზრებს რევანშს ან რამე სახის უბედურებას, ოღონდ ახლა არავინ არ აიღოთ თავზე ხელი.
ყველანი ქართველები ვართ, ხალხო, ყველანი ჩვენი სამშობლოს შვილები ვართ, ხალხო! ჩვენი სამშობლო თავისუფლდება დღეს, ეს არის ჩვენი საერთო გამარჯვების დღე, ჩვენი და თქვენი გამარჯვების დღე. ნუ აღიქვამთ ამას მარცხად და არ შეასრულოთ იმ ერთი კაცის გიჟური ინსტრუქციები! ყველაფერი გამოვა და ჩვენ გამოვნახავთ საერთო ენას და ჩვენ ერთად, ხელიხელჩაკიდებული განვავითარებთ ჩვენ სამშობლოს!” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები