ცესკო: ინფორმაცია, რომ დიდუბის №28-ე საარჩევნო უბანზე ბიულეტენები დაიკარგა, სიმართლეს არ შეესაბამება

“გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდუბის №28-ე საარჩევნო უბანზე დაიკარგა ბიულეტენები. აღნიშნული ინფორმაცია გადავამოწმეთ და არ შეესაბამება სიმართლეს”, – ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან მედიას 15:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობის და პროცედურული ხარვეზების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, ზუგდიდში, ინგირის №94-ე საარჩევნო უბანზე, ორგანიზაციის დამკვირვებელმა დაინახა, თუ როგორ ჩააგდო საარჩევნო ყუთში რამდენიმე კონვერტი საარჩევნო ყუთის ზედამხედველმა კომისიის წევრმა. ჩვენ გადავამოწმეთ აღნიშნული ინფორმაცია. კომისიის წევრებმა დაწერეს ახსნა-განმარტებები. კომისიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ერთ-ერთი კომისიის წევრი იყო ამავე უბნის ამომრჩეველი და მან თავად მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. მათი ინფორმაციით, ყუთში ბიულეტენების ჩაყრას ადგილი არ ჰქონია.
ბოლნისის 4 საარჩევნო უბანზე, კერძოდ №27-ე, №34-ე, №35-ე და №36-ე უბნებზე, სუბიექტის წარმომადგენლები ერეოდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის მუშაობაში. მათ მიიღეს გაფრთხილება. 3 უბანზე აღმოიფხვრა პრობლემა, ხოლო №27-ე უბანზე, იქიდან გამომდინარე, რომ გაგრძელდა საარჩევნო კომისიის საქმიანობაში ხელის შეშლის მცდელობა, კომისიამ წარმომადგენელს დაატოვებინა უბანი.
ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალქალაქის №46-ე უბანზე კომისიის წევრს თავმჯდომარემ ტელეფონი გაუტეხა. ჩვენ გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია. კომისიის წევრს ჰქონდა მცდელობა, რომ გადაეღო არასაჯარო ინფორმაცია. მცირე გაუგებრობის შემდეგ, ვითარება გაირკვა და ამ ეტაპზე, ხმის მიცემის პროცესი დაბრკოლების გარეშე მიმდინარეობს.
ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდუბის №28-ე საარჩევნო უბანზე დაიკარგა ბიულეტენები. აღნიშნული ინფორმაცია გადავამოწმეთ და არ შეესაბამება სიმართლეს“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.
მისივე თქმით, ამომრჩევლებს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ საარჩევნო უბნის მისამართი გაიგონ ცესკოს ვებგვერდის საშუალებით, სადაც ისინი ონლაინ შეძლებენ დამატებითი ინფორმაციის მიღებას. აღნიშნული ინფორმაციის მიღება ამომრჩეველს ცესკო-ს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრშიც შეუძლია, რომელიც დღეს უწყვეტად მუშაობს. სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრის ტელეფონის ნომერია – 2 51 00 51; ასევე, მუშაობს ონლაინ ჩათი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები