ფონდმა “ქართუმ” რაგბის კავშირს 3 ახალი ბაზა გადასცა (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს რაგბის კავშირმა საქველმოქმედო ფონდისგან „ქართუ“ მფლობელობაში კიდევ სამი, თანამედროვე სტანდარტების ახალი კომპლექსი მიიღო. ქართულ სარაგბო ინფრასტრუქტურას შეემატა ორი ახალი ბაზა თბილისში, ერთი კი თელავში. ინფრასტრუქტურის გადაცემის შესაბამის დოკუმენტს ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა და რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გოჩა სვანიძემ დღეს ხელი ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე მდებარე ახალ ბაზაზე მოაწერეს ხელი.
ახალი სარაგბო კომპლექსების ინვესტიციის ჯამური მოცულობა 18 800 000 ლარზე მეტია. ყველა კომპლექსს ბუნებრივ და ხელოვნურსაფარიანი მოედნები აქვს. თბილისში ტრიბუნები 2 344 მაყურებელზეა გათვლილი, თელავის კომპლექსის ტრიბუნები კი 2 244 მაყურებელს იტევს. სარაგბო კომპლექსებში ასევე, გათვალისწინებულია: ყინულის და საცურაო აუზები, ძალოსნობის დარბაზები, ღია სარეკრეაციო ზონები, ვიდეოანალიზის ოთახი, საკომენტატორო ოთახები, საკონფერენციო სივრცეები, ექიმისა და დოპინგკონტროლის ოთახები და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა.
ინფრასტრუქტურის გადაცემის საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, ქალაქ თბილისის მერი კახა კალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე, ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები, დამწყები მორაგბეები და რაგბის გულშემატკივრები დაესწრნენ.
ცნობისათვის, ფონდ „ქართუს“ როლი ქართული რაგბის განვითარებაში შემდეგია: ბოლო 10 წლის განმავლობაში, ფონდის ჯამურმა წვლილმა ქართული რაგბის განვითარებაში თითქმის 200 მილიონი ლარი შეადგინა. აქედან გამომდინარე, რეგიონში სწორედ საქართველოს აქვს ყველაზე განვითარებული სარაგბო ინფრასტრუქტურა, რაც ქართველი “ბორჯღალოსნების” წარმატებაზე პირდაპირ აისახა – ეროვნული ნაკრები მსოფლიო რეიტინგში მე-13 ადგილს იკავებს.
“ქართუს” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაწეული მასშტაბური ქველმოქმედება საერთაშორისო ორგანიზაცია “მსოფლიო რაგბიმ” უპრეცენდენტო მოვლენად აღიარა და რაგბის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, მას პრიზიც კი გადასცა. სწორედ ფონდ „ქართუს“ მიერ შექმნილმა ინფრასტრუქტურამ გახადა შესაძლებელი, 2017 წელს, საქართველოს მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის ემასპინძლა.
რაგბის მხარდაჭერის უპრეცენდენტო პროგრამა ფონდმა „ქართუმ“ ათი წლის წინ დაიწყო. კომპლექსური მიდგომით, ამ პერიოდის განმავლობაში, ფონდმა ერთი მხრივ, ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინა საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებს, მეორე მხრივ კი მთელი ქვეყნის მასშტაბით განავითარა სარაგბო ინფრასტრუქტურა. წლების განმავლობაში, აშენდა, აღიჭურვა და ქართველ მორაგბეებს გადაეცა 15 სარაგბო ბაზა. (მათ შორის, თბილისის ცნობილი სტადიონები: “შევარდენი”, “ავჭალა”, “ლელო არენა”, დიღმის “ლოკომოტივი”, ნუცუბიძის კომპლექსი).
რაგბის ცენტრები დედაქალაქის გარდა, გაჩნდა: ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, გორში, მარტყოფსა და ასპინძაში.
შეგახსენებთ, რომ რაგბის ეროვნული ნაკრები ამჟამად მსოფლიოში მე-13 პოზიციაზეა. “ბორჯღალოსნების” მიზანი მსოფლიო რაგბის რეიტინგის ათეულში ადგილის დამკვიდრებაა. ნოემბერში ტრადიციული მსოფლიო რაგბის სერიები იწყება. საქართველოს ნაკრები ნოემბერში 3 ტესტ მატჩს გამართავს. 10 ნოემბერს ჩვენი გუნდი ფლორენციაში, იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება. 17 ნოემბერს „ავჭალის“ სტადიონზე სამოას უმასპინძლებს, ხოლო 24 ნოემბერს „მიხეილ მესხზე“ – ტონგას. ტესტ მატჩი სარეიტინგოა და გუნდებს შედეგებისათვის ქულები დაერიცხებათ.
მოცემული მომენტისთვის, საქართველო და იტალია მსოფლიო რეიტინგში მეზობლად არიან. “ბორჯღალოსნები”, 73,13 ქულით, მე-13 საფეხურს იკავებენ, ხოლო იტალია, 72,56 ქულით, მას კვალში უდგას. შეხვედრას ორივე გუნდისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები