გიგა ბოკერია “ნაციონალურ მოძრაობაზე”: სამწუხაროდ, ვერ მოვისმინეთ ვერანაირი მკაფიო პასუხი, რაც ადასტურებს მათ უპასუხისმგებლობას
“სამწუხაროდ, ვერ მოვისმინეთ ვერანაირი მკაფიო პასუხი, რაც ადასტურებს მათ უპასუხისმგებლობას”, -ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ “ნაციონალური მოძრაობის” მისამართით განაცხადა.
ბოკერია გრიგოლ ვაშაძის წარმომადგენლების მიერ მეორე ტურთან დაკავშირებით გამოთქმულ პოზიციას გამოეხმაურა.
“მოვისმინეთ გრიგოლ ვაშაძის წარმომადგენლების პასუხი ძალიან მარტივ და მნიშვნელოვან კითხვაზე, დაუჭერენ თუ არა მხარს დავით ბაქრაძეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, „ქართული ოცნების“ და სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ვერ მოვისმინეთ ვერანაირი მკაფიო პასუხი, რაც ადასტურებს მათ უპასუხისმგებლობას. ეს ნიშნავს, რომ მათი სიტყვის ნდობა არ შეიძლება, რადგან ჩვენ გვაქვს შეთანხმება „ევროპის სახალხო პარტიის“ ქოლგის ქვეშ და ნიშნავს იმას, რომ ეს ხალხი არანაირი ოპოზიციური ერთობისთვის არ იბრძოდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვჯერა, რომ მათი ამომრჩევლები გამოიჩენენ მაღალ პასუხისმგებლობას და მეორე ტურში მხარს დაუჭერენ დავით ბაქრაძეს, რათა არ დავუშვათ ივანიშვილის რეჟიმის სამარცხვინო და ძალიან საზიანო კანდიდატის გამარჯვება არჩევნებზე“, – აღნიშნა ბოკერიამ.
შეგახსენებთ,კითხვით – დაუჭერს თუ არა გრიგოლ ვაშაძე დავით ბაქრაძეს მხარს მეორე ტურში? “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ გაერთიანებული ოპოზიციას – “ძალა ერთობაშია” ცოტა ხნის წინ საგანგებო ბრიფინგზე მიმართა. ბოკერიას გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ უპასუხა. მისი განცხადებით, ყველა სოციოლოგიური კვლევა მიუთითებს, რომ გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი გრიგოლ ვაშაძეს აქვს.
“ყველა ობიექტური კვლევით, გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს წინასაარჩევნო მარათონში, რაც მთავრია, ვფიქრობთ, რომ შეიძლება, პირველივე ტურში მის სასარგებლოდ დამთავრდეს არჩევნები, თუმცა, რაც შეეხება კონკრეტულ კითხვას, ძალიან მარტივია პასუხი – დიახ, ჩვენ ოპოზიციურ კანდიდატს დავუჭერთ მხარს, სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგოდ, იმიტომ, რომ მისი არჩევა ქვეყნისთვის არის კატასტროფა და იგივე მოლოდინი გვაქვს სხვებისგან”, – განაცხადა ვაშაძემ.