უწყებათაშორისმა კომისიამ ახალი რეკომენდაციები გასცა

იუსტიციის სახლში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა ახალი რეკომენდაციები გასცეს.
პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სხდომაზე წარმოადგინეს ინფორმაცია გამოვლენილი წინასაარჩევნო დარღვევების აღკვეთისა და შემდგომი პრევენციისათვის გადადგმული ქმედითი ნაბიჯების შესახებ.
უწყებათაშორისი კომისიის მიხედვით, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, განსაკუთრებით კი, თბილისის მერიას, დაევალა, გამოყოს დამატებითი სტენდები და ფართი პოლიტიკური პარტიების სააგიტაციო მასალის განსათავსებლად.
მეორე რეკომენდაცია ეხება პოლიტიკურ პარტიებს. კომისია მოუწოდებს არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტებსა და პოლიტიკურ პარტიებს, საკუთარ მხარდამჭერებს კიდევ ერთხელ მოუწოდონ შიდადისციპლინისაკენ და განუმარტონ მათ, რომ არ შეიძლება კონკურენტი პოლიტიკური პარტიის სააგიტაციო მასალაზე საკუთარი კანდიდატის მასალის გადაკვრა, მისი დაზიანება.
კომისია რეკომენდაციით მიმართავს ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებს, რომლებიც, ასევე, წარმოადგენენ ამა თუ იმ პარტიის კანდიდატებს, გამიჯნონ პოლიტიკა და ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენცია.
მეოთხე რეკომენდაციის მიხედვით, კომისია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თბილისის მერიას, ითანამშრომლონ სააგიტაციო მასალის დაზიანების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის სხდომა 29 მაისს ხარაგაულში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები