“საპარტნიორო ფონდის” დელეგაციამ ჩინეთში “21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის ფორუმში” მიიღო მონაწილეობა
„საპარტნიორო ფონდის“ დელეგაციამ ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით, ჩინეთში გამართულ „21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა.
ქალაქ გუანჭოუში გამართული ფორუმი, რომელშიც ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაცია მონაწილეობდა, ადგილობრივი სახალხო მთავრობისა და 21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის საერთაშორისო ექსპოს საორგანიზაციო კომიტეტის ორგანიზებით ჩატარდა და მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, ბიზნესის, ადგილობრივი და უცხოური მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ფორუმი „ერთი სარტყელი, ერთი გზის” დანერგვის ფორმატში უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა და მისი მიზანი გუანტუნის პროვინციასა და საუკუნის ინიციატივის ქვეშ გაერთიანებულ ქვეყნებს შორის აბრეშუმის გზის განვითარების ხელშეწყობაა.
როგორც “კვირას” “საპარტნიორო ფონდიდან” აცნობეს, ფორუმზე სხვა მაღალი რანგის სპიკერებთან ერთად, დელეგატებს სიტყვით „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ მიმართა. მან საქართველოს საინვესტიციო გარემოს, ქართული ბაზრის შესაძლებლობებისა და სხვადასხვა ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებების პრივილეგიების შესახებ ისაუბრა, რომლებიც საქართველოს ინვესტორთათვის განსაკუთრებულად მიმზიდველ ქვეყნად წარმოაჩენს. დავით საგანელიძემ ხაზი გაუსვა ქართულ-ჩინური ურთიერთობების ხანგრძლივ ისტორიასა და პერსპექტივებს, ასევე, საქართველოს მნიშვნელოვან როლს „აბრეშუმის გზის“ ისტორიული პროექტის ფორმატში.
შეგახსენებთ, რომ 2018 წელს, გუანჭოუს ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს ხელმძღვანელის, ვან სუტუნის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ფონდმა ხელი მოაწერა ორმხრივი ურთიერთგაგების მემორანდუმს, სამომავლო თანამშრომლობის ხელშესაწყობად.
ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ლევან კალანდაძეც იმყოფებოდნენ. ნოდარ კერესელიძე „21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გამართულ მწვანე ინდუსტრიული ინტეგრაციის პანელზე სიტყვით გამოვიდა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული მწვანე ეკონომიკის სტრატეგიისა და ამ მიმართულებით, საქართველოს გამოცდილების შესახებ ისაუბრა. როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, მწვანე ეკონომიკის რესურსების მობილიზებისა და მოძიებისთვის, საჭიროა, შეიქმნას ფონდი და „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ინიციატივის ფარგლებში, საერთო პლატფორმა, რომლის საშუალებითაც შემუშავდება ერთიანი სტრატეგია, ინიციატივის ქვეშ გაერთიანებული განვითარებადი და გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნებისთვის ფინანსური რესურსების გასაძლიერებლად და გამოცდილების გასაზიარებლად.
ფორუმის ფარგლებში, ინდუსტრიული ზონების განვითარების შესახებ პანელზე „საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნინო ჩოლოყაშვილმა პრეზენტაცია გამართა და საქართველოს ინდუსტრიული პოტენციალისა და ამ მიმართულებით, ფონდის საქმიანობის შესახებ ისაუბრა. ამავე ფორუმის ფორმატში გაიმართა B2B შეხვედრებიც, რომლებშიც მონაწილეობა „საპარტნიორო ფონდის“ წარმომადგენლებმა მიიღეს.