ჯონ ბოლტონი: კორუფციის გარკვეული დონე არის, მაგრამ ეს დონე შეესაბამება მსოფლიოში არსებულ დონეს
“კორუფციის გარკვეული დონე არის, მაგრამ ეს დონე შეესაბამება მსოფლიოში არსებულ დონეს, მათ შორის ამერიკაში არსებულ კორუფციის დონეს”, – ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა ჟურნალისტების კითხვის, როგორია მათი აღქმა საქართველოში კორუფციასთან დაკავშირებით, პასუხად განაცხადა.
როგორც მან განმარტა, თბილისში ვიზიტის ფარგლებში მას ხანმოკლე შეხვედრა ამერიკის სავაჭრო პალატაში ჰქონდა.
„კორუფციის ალაგმვა თავისთავად საჭირო რამ არის, არ არის აბსტრაქტული რამ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ჩვენ ამას ძალიან კონკრეტულ პრიზმაში აღვიქვამთ. კორუფციული გარემო ამერიკული კომპანიებისთვის ართულებს შეღწევას და თავისუფალ საქმიანობას. ჩვენ ამას აღვიქვამთ ამერიკული ინტერესების საგნად. კორუფციისგან თავისუფალი გარემო ხელს უწყობს ამერიკულ ბიზნესებს აწარმოონ საქმიანობა. ვიდრე თქვენთან მოვიდოდი, მოკლე შეხვედრა მქონდა ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებთან. მათ დავუსვი კითხვა, თუ როგორია მათი აღქმა საქართველოში კორუფციასთან დაკავშირებით. მოკლედ რომ შევაჯამო, მათი პასუხი, ასეთია: კორუფციის გარკვეული დონე არის, მაგრამ ეს დონე შეესაბამება მსოფლიოში არსებულ დონეს, მათ შორის ამერიკაში არსებულ კორუფციის დონეს,“ – განაცხადა ჯონ ბოლტონმა.