საქართველოს პარლამენტმა დანიის სამეფოს დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსმა, ნიკოლოზ სამხარაძემ, დანიის პოლიტიკური და საზოგადოებრივი წრეების წარმომადგენლების დელეგაციასთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პროცესებზე, განხორციელებულ საკონსტიტუციო რეფორმასა და პარლამენტის რეგლამენტზე. სტუმრებს ქართულმა მხარემ საკონსტიტუციო რეფორმის ძირითადი არსი და არგუმენტები გააცნო.
შეხვედრისას, აქცენტი გაკეთდა ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისადმი ჩვენი ქვეყნის სწრაფვაზე. ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა ამ მიმართულებით ქვეყნის მიერ განვლილ გზაზე, გატარებულ და მიმდინარე რეფორმებზე.
მხარეებმა ასევე, ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე. ყურადღება გამახვილდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ანექსიის მცდელობებზე.
„დანიის სამეფოს დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვედრისას ვესაუბრეთ თუ როგორ დაიწყო კონფლიქტი, რა მიზნები ამოძრავებს რუსეთს კონფლიქტურ რეგიონებსა და ზოგადად საქართველოსთან მიმართებაში. ასევე, ვისაუბრეთ ენერგეტიკულ პროექტებზე, განსაკუთრებით კასპიის ზღვიდან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის გავლით, ევროპაში ნავთობისა და გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით და ამ ჭრილში საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა მიმოვიხილეთ”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნიკოლოზ სამხარაძემ.
საკანონმდებლო ორგანოში დღეს გამართულ შეხვედრაში პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლები გიორგი ხელაშვილი და ლევან მახაშვილი მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები