8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ინტერესებს თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი იცავდა
გორში 8 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცის, იაგო ნებიერიძის ინტერესებს წლების წინ, თბილისის საკრებულოს წევრი და ამჟამად პატიმრობაში მყოფი ზურაბ ნეფარიძე იცავდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ნეფარიძე გასული წლის აგვისტოში დააკავეს.
როგორც ირკვევა, იაგო ნებიერიძე 2004 წელსაც იყო დაკავებული არასრულწლოვანი ბავშვის გატაცებასთან დაკავშირებით და მშობლებისგან თანხას ითხოვდა. არსებული ინფორმაციით, იაგო ნებიერიძის მამა ფარეხს უშენებდა იმ ოჯახს, რომელი ოჯახის შვილიც მან გაიტაცა და სწორედ აღნიშნულ საქმეზე იყო ნეფარიძე ნებიერიძის ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ, გორში, ლიახვის პირზე 8 წლის ნანა ბერიაშვილის ცხედარი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, გოგონას თავზე ცელოფანი ჰქონდა შემოხვეული, ხელ-ფეხი კი – მავთულით შეკრული. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გოგონას მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 34 წლის იაგო ნებიერიძეა დაკავებული.