ზაზა სარალიძე შსს-ს შენობიდან ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს
ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობიდან ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც “კვირას” სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, ზაზა სარალიძეს სისხლში შაქრის შემცველობამ მკვეთრად მოიმატა და საჭირო გახდა მისი კლინიკაში გადაყვანა.
ზაზა სარალიძის ადვოკატის ინფორმაციით, მიზეზი ემოციური ფონი და მაღალი წნევა გახდა.
“ზაზა სარალიძე იყო მძიმე მდგომარეობაში. მას აქვს ემოციური ფონი და გარდა ამისა, ის მთელი დღის განმავლობაში საკვების გარეშე იმყოფებოდა, რამაც შაქრის ძალიან მაღალი დონე და მაღალი წნევა გამოიწვია. – აღნიშნა ნესტან ლონდარიძემ.
შეგახსენებთ, რომ ზაზა სალიძე დღეს დააკავეს:
შს სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე, ჯოხით შეიარაღებული ზაზა სარალიძე თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. ზაზა სარალიძემ პოლიციელთა მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება სასწრაფო დახმარების ავტომანქანაში განაგრძო, რომელიც რუსთაველის გამზირზე პოლიციისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად მივიდა.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ზაზა სარალიძე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით პოლიციელზე თავდასხმისთვის დააკავეს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დაკავებულია ასევე ზაზა სარალიძის თანმხლები ორი პირი.