პაატა ბურჭულაძე PosTV-ის შეთავაზებაზე – პირდაპირ ეთერში უპასუხოს კითხვებს, არ თანხმდება (ვიდეო)

მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე ფონდიდან გახარჯული თანხების შესახებ საუბარს, ამჯერადაც, თავს არიდებს. მან ჟურნალისტის კითხვები უპასუხოდ დატოვა, ამასთან, PosTV-ის გადამღები ჯგუფი არც „იავნანას“ კონცერტზე შეუშვეს.
ინტერნეტტელევიზიამ პირდაპირი ეთერის ფორმატი ბურჭულაძეს მას შემდეგ შესთავაზა, რაც “იავნანამ” განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ფონდმა ბიძინა ივანიშვილი, PostTV და პროკურატურა “იავნანას” დისკრედიტაციაში დაადანაშაულა. ​​
POSTV-ის შეთავაზებით, ბურჭულაძეს საშუალება ეძლეოდა, თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე პირდაპირ ეთერში გაეცა პასუხი, საგამოძიებო სტუდია კი, თავის მხრივ, მზად იყო, ფილმში მოყვანილი ფაქტები დაედასტურებინა.
შეგახსენებთ, რომ ფონდი “იავნანა” და მისი ხელმძღვანელი მილიონობით ლარის მითვისებაში ინტერნეტტელევიზია PosTV-ის საგამოძიებო სტუდიამ ამხილა. ფონდ „იავნანადან“ საქველმოქმედო თანხების შესაძლო გაფლანგვის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება 2017 წლის სექტემბერში დაიწყო.
ბურჭულაძის და მისი მეუღლის მგზავრობის ხარჯებისთვის ფონდიდან 700 ათას ლარამდე დაიხარჯა. ანგელა ვასილენკოს ავიაბილეთების ღირებულებაში, ხელფასსა და სხვა ხარჯებში ფონდიდან ჯამურად 254 000 ლარია გადახდილი, მომსახურებაში კი – დაახლოებით, 40 000 ლარი.
გამოძების ინფორმაციით, 2004-2017 წლებში ფონდის შემოწირულობების მხოლოდ 30% ქველმოქმედებას, დანარჩენი შემოსავალი კი თანამშრომელთა ხელფასებსა და ადმინისტრაციულ ხარჯებს მოხმარდა. პროკურატურის ცნობით, ფონდიდან ამოღებული დოკუმენტაციიდან გახარჯული თანხების მიზნობრიობა ვერ დასტურდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები