სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე თავშესაფარს ეძებს

სამხედრო ექსპერტ გიორგი თავდგირიძეს აღსრულების ბიურო საცხოვრებელი სახლიდან ასახლებს. როგორც „კვირას“ თავდგირიძემ განუცხადა, მას კუთვნილი სახლი ბანკმა აუქციონის წესით ჯერ კიდევ შარშან, დეკემბერში გაუყიდა. „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს იმდენი პრობლემები მქონდა, ბინა ბანკში ჩავდე და 55 ათასი დოლარის კრედიტი ავიღე. 27 ათასი დოლარი გადახდილი მაქვს, მაგრამ ბოლო პერიოდში თანხას ვეღარ ვიხდიდი, საერთო ჯამში, საცხოვრებელი სახლი აუქციონზე 50 ათას დილარად გაიყიდა“ – განუცხადა „კვირას“ თავდგირიძემ. მისი თქმით, 116 კვადრატული მეტრ ფართობის საცხოვრებელი სახლი, რომელიც უკვე ექსპერტს აღარ ეკუთვნის, დიღმის მასივში მდებარეობს და ხუთოთახიანია. გიორგი თავდგირიძეს მეუღლე და 11 წლის გოგონა ჰყავს. „დღეს აღსრულების ბიუროს ვთხოვე, რომ რამდენიმე დღე მაცალონ, რათა თავშესაფარი მოვძებნო. კარავს ხომ არ გავშლი. რამდენჯერ მივმართე თავდაცვის სამინისტროს, რომ სამსახურში აღვედგინე. მე რომ სამსახური მქონოდა, იქნებ ეს ვალიც გადამეხადა და უსახლკაროდ აღარ დავრჩებოდი“, – აღნიშნა გიორგი თავდგირიძემ. გიორგი თავდგირიძის ხუთოთახიანი ბინის საბაზრო ფასი 75-78 ათას დოლარამდე მერყეობს, თუმცა ამჟამინდელმა მესაკუთრემ ის 47 ათას დოლარად შეიძინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები