ირაკლი კობახიძე: არავის არ მოგვწონს ის საარჩევნო გარემო, რომელიც არის დღეს ჩამოყალიბებული ამ საპრეზიდენტო არჩევნების გარშემო

„ჩვენ გვქონდა საუბარი საარჩევნო გარემოზე, იმ დარღვევებზე, რომლებიც ფიქსირდება ოპოზიციის მხრიდან“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დიპლომატიურ კორპუსთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ირაკლი კობახიძე პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილთან ერთად შეხვდა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საუბარი, ასევე, შეეხო ფიქტიური პარტიების პრობლემას, სოციალური მედიით წარმოებულ შავ კამპანიასა და იმ პროვოკაციებს, რომლებსაც სალომე ზურაბიშვილის ამომრჩევლებთან შეხვედრის წინ აქვს ადგილი.
„ალბათ, არავის მოგვწონს ის საარჩევნო გარემო, რომელიც არის დღეს ამ საპრეზიდენტო არჩევნების გარშემო ჩამოყალიბებული. მუდმივად გვესმის ჩვენ შავი პიარი, არის ძალიან მძიმე მოსასმენი და სანახავი ის ყველაფერი, რაც ხდება ამ კამპანიის გარშემო. ჩვენ გვქონდა საუბარი ამ გარემოზე, იმ დარღვევებზე, რომლებიც ფიქსირდება ოპოზიციის მხრიდან. მათ შორის, ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა, ფიქტიური პარტიების პრობლემაზე, რომლებიც იტაცებენ სახელმწიფოს სახსრებს და ასევე, თავისუფალ დროს წინასაარჩევნო რეკლამისთვის. ასევე, გვქონდა საუბარი იმ მძიმე ტერმინოლოგიაზე, რომელსაც იყენებენ ჩვენი ოპონენტები წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში. გვქონდა, ასევე, საუბარი მედიის მხრიდან დაუბალანსებელი გაშუქების პრობლემაზე, გვქონდა საუბარი იმ შავ კამპანიაზე, რომელიც წარმოებს სოცმედიის მეშვეობით. საუბარი გვქონდა არაერთ დარღვევაზე, მათ შორის, ასევე, იმ პროვოკაციებზე, რომელიც ყველა შეხვედრის წინ იმართება, როდესაც სალომე ზურაბიშვილი ხვდება ამომრჩეველს. ჩვენ წარმოგვედგინა, რომ ეს არჩევნები ჩატარდებოდა მშვიდ გარემოში, ჯანსაღ გარემოში, ევროპული სტილის გარემოში. ეს იყო სალომე ზურაბიშვილის შეთავაზება ოპონენტების მიმართ, თუმცა, ოპონენტების პასუხი იყო არაევროპული სტილის კამპანია, ეს არის, რაც გამოარჩევთ მათ, ეს არის მათი სტილი და ხელწერა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები