მამუკა ბახტაძე: მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველო გახდეს ერთ-ერთი გამორჩეულად საინტერესო ქვეყანა მსოფლიოს ტურისტულ რუკაზე

მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო გახდეს ერთ-ერთი გამორჩეულად საინტერესო ქვეყანა მსოფლიოს ტურისტულ რუკაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს საერთაშორისო შეხვედრების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაციასთან (ICCA) თანამშრომლობით იმართება.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა გახდა და მისი კიდევ უფრო განვითარება უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს.
„ჩვენთვის ნამდვილად საამაყოა, რომ ყველაზე გავლენ იანი საერთაშორისო გამოცემები და ტელევიზიები სულ უფრო ხშირად აშუქებენ საქართველოს, როგორც მსოფლიოს საუკეთესო სამოგზაურო ადგილს. ვინც პირველად ხართ საქართველოში, შეგიძლიათ, ეს თქვენი თავლით ნახოთ. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშნელოვანია, რადგან ტურიზმი გახლავთ ერთ-ერთი საუკეთესო გზა, რომლითაც შესაძლებელია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის, ბუნებრივი სილამაზისა და რაც მთავარია, ქართული სტუმარმასპინძლობის ტრადიციის წარმოჩენა”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიღწევებს ტურიზმის განვითარების მიმართულებით, რასაც მოსახლეობის ეკონომიკური სარგებლის თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს.
პრემიერის თქმით, მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია ქვეყანაში ინკლუზიური ზრდის უზრუნველყოფა, რომელიც თითოეული მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება.
„შესაბამისად, ეს სექტორი, ზრდის კვალდაკვალ, მომავალში კიდევ უფრო მეტი კეთილდღეობის მომტანი იქნება. ტურიზმის სექტორი გამორჩეულია იმით, რომ მასში აქტიურად ჩართვა შეუძლია საქართველოს ყველა რეგიონს, ქალაქსა თუ სოფელს და ის ყველასთვის ხელმისაწვდომია. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს ტურისტული შეთავაზებების დივერსიფიკაციას და ქვეყანაში ახალი მიმართულებების განვითარებას. ამავე დროს, გვაქვს კონკრეტული ხედვა და გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს სექტორის განვითარება მომდევნო წლების განმავლობაში”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მამუკა ბახტაძის შეფასებით, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საქართველოსთვის სწორედ საქმიანი ტურიზმის განვითარებაა.
„საქმიანი ტურიზმის სექტორი ორიენტირებულია ქვეყანაში მნიშვნელოვანი რაოდენობის ტურისტების მოზიდვაზე, ამასთან, ხელს უწყობს სხვადასხვა დარგის განვითარებას და ადგილობრივ დონეზე საერთაშორისო გამოცდილების გადმოტანას, ცოდნის გაზიარებასა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენს სტრატეგიას წარმოადგენს, საქართველო რეგიონული თვალსაზრისით იქცეს ეკონომიკის, საერთაშორისო ბიზნესისა და რაც მთავარია, ტურისტულ ცენტრად. აქედან გამომდინარე, საქმიანი ტურიზმის განვითარება ჩვენთვის სტრატეგიული ამოცანაა”, – აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, ასევე დაგეგმილია შეხვედრების ინდუსტრიის განვითარება, რაც ერთ-ერთი საუკეთესო გზაა, რათა საქართველომ, სხვადასხვა დარგის პროფესიონალების მეშვეობით, საერთაშორისო დონეზე წარმოაჩინოს საკუთარი მიღწევები და გაუზიაროს მსოფლიოს მნიშვნელოვანი პრაქტიკა, რომელიც დღეს ქვეყანაში ინერგება.
„ამ კუთხით, უკანასკნელი წლების განმავლობაში, ჩვენ დავიწყეთ აქტიური თანამშრომლობა დაიწყო საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაციასთან და 2014 წელთან შედარებით, ქვეყნის მაჩვენებელი ორგანიზაციის რეიტინგში 18 პუნქტით გაუმჯობესდა. თუმცა, ეს არ შეესაბამება იმ ხედვებსა და ამოცანებს, რომლებიც გვაქვს და ვიმედოვნებთ, უახლოეს წლებში ამ რეიტინგში კიდევ უფრო მეტ პროგრესს მივაღწევთ. საქართველოს აქვს ამბიცია და ხედვა, გახდეს, რეგიონის ტურისტული, სატრანსპორტო და ინტელექტუალური ჰაბი. სწორედ ამიტომ, ურთიერთობების გაღრმავება საქართველოსა და საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაციას შორის ძალიან მნიშვნელოვანია და მოხარული ვარ, რომ დღეს ორგანიზაციასთან თანამშრომლობის კუთხით კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მთავრობის მეთაურმა ასოციაციის პრეზიდენტს, ფორუმის დელეგატებსა და მონაწილეებს ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა. ორდღიანი კონფერენცია, რომელიც სასტუმრო “ბილტმორში” იმართება, 23 ოქტომბერს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები