სოფო კილაძე: ავსტრიის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის მხარდაჭერა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია

„ჩვენთვის, როგორც ავსტრია-საქართველოს მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის წევრებისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წლევანდელი წელი. ავსტრიამ, უკვე რამდენიმე თვეა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა გადმოიბარა და ღირსეულად უძღვება მას”,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ პარლამენტში გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა, რომელიც ავსტრიის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტებს ეძღვნებოდა.
მისი თქმით, ავსტრიის როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის მხარდაჭერა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია.
“ბევრი რამ არის დამოკიდებული ამ ქვეყნის მხარდაჭერაზე და ჩვენი ძლიერი სურვილია, რომ ავსტრია იყოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ლობისტი არა მხოლოდ მიმდინარე წელს”,- აღნიშნა კილაძემ.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თავის გამოსვლაში შეეხო ავსტრია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის როლს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებაში. მან, ასევე, მადლობა გადაუხარა ავსტრიის ელჩს, როგორც ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავების აქტიურ მხარდამჭერს.
„იმ ფონზე, როცა მსოფლიოში ძლიერია რუსული საფრთხე და ჩვენი ქვეყნის დიდი ნაწილი ოკუპირებული აქვს მეზობელ ქვეყანას, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს დასავლურ ინტეგრაციას და ამ ინტეგრაციის გზაზე ევროკავშირის ძლიერ მხარდაჭერას. არავისთვის უცხო არ არის ქართველი საზოგადოების დიდი მისწრაფება, გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა და საბოლოოდ დაიმკვიდროს თავი ევროპულ ოჯახში”,- აღნიშნა სოფო კილაძემ გამოსვლისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები