დავით ზალკალიანი: ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანის ერთ-ერთი მტკიცე საყრდენი ქრისტიანობიდან მომდინარეობს

„ჩვენთვის დიდი პატივია არქიეპისკოპოს პოლ რიჩარდ გალაჰერის საქართველოში ვიზიტი, რაც მტკიცე მხარდაჭერის მკაფიო დემონსტრირებას და საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის ურთიერთობების გაღრმავების ძლიერ სტიმულს წარმოადგენს”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, საქართველოში ვიზიტით მყოფ, წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობების მდივანთან, არქიეპისკოპოსს პოლ რიჩარდ გალაჰერთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის ვიზიტების მზარდ დინამიკაზე. მან ასევე ისაუბრა წმინდა საყდარსა და საქართველოს შორის არსებულ საუკუნოვან კავშირებზე, მათ შორის აღნიშნა, რომ წმინდა საყდრიდან საქართველოში პირველი ვიზიტი ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში განხორციელდა. „დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე მუდმივად ვგრძნობთ წმინდა საყდრის მტკიცე მხარდაჭერას. გვახსოვს გვერდში დგომა როგორც მშვიდობის, ასევე განსაცდელის პირობებშიც, მათ შორის 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს და მის შემდეგ. მადლობას გიხდით, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. მსურს ასევე ხაზი გავუსვა ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს მონაპოვარს, რასაც კულტურის, მეცნიერებისა და განათლების სფეროებში არსებული თანამშრომლობა წარმოადგენს. უაღრესად მადლიერები ვართ საქართველოში ვატიკანის ნუნციატურის მხრიდან მრავალი კულტურული და საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებისთვის.” -განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში, ასევე ისაუბრა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე, როგორც ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის ქვაკუთხედსა და ქართველი ხალხის შეუქცევად არჩევანზე. „ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანის ერთ-ერთი მტკიცე საყრდენიც სწორედ ქრისტიანობიდან მომდინარეობს, რადგან საქართველო ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა და ჩვენი ცივილიზაცია, ისევე როგორც მრავალი ევროპული ქვეყნის ცივილიზაცია, წარმოიშვა და განვითარდა „ქრისტიანულ ფესვებზე. ისტორიულად, კათოლიკე და მართლმადიდებელი ქრისტიანები ერთმანეთის მხარდამხარ იდგნენ საქართველოს აღმშენებლობის გზაზე. ქართველმა კათოლიკეებმა – სულხან-საბა ორბელიანმა, მიხეილ თამარაშვილმა, მიხეილ თარხნიშვილმა, პეტრე ხარისჭირაშვილმა, ძმებმა ზუბალაშვილებმა, ზაქარია ფალიაშვილმა, სტეფანე და პეტრე მელიქიშვილებმა, სიმონ ყაუხჩიშვილმა, პეტრე ოცხელმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს საქართველოში კულტურის, განათლების და მეცნიერების განვითარებაში”, – აღნიშნა მინისტრმა. დავით ზალკალიანის განცხადებით, წმინდა საყდრის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე, რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციასა და ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების მძიმე შედეგებზე გამახვილდა ყურადღება. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ”. აღსანიშნავია, რომ საქართველოს უკვე მესამედ სტუმრობს ვატიკანის სახელმწიფოებთან ურთიერთობების მდივანი.
ამასთან, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, საქართველომ რომის ორ პაპს უმასპინძლა. პოლ რიჩარდ გალაჰერი საქართველოს 21-24 ოქტომბერს სტუმრობს. დაგეგმილია მინისტრის შეხვედრები სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან, საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ მინისტრსაა და პარლამენტის თავმჯდომარესთან. წმინდა საყდრის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს. იგი ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს და ადგილზე გაეცნობა იქ არსებულ ვითარებას. მინისტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრას გამართავს.პოლ რიჩარდ გალაჰერი, მცხეთას ეწვევა და სვეტიცხოველსა და ჯვრის მონასტერს მოინახულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები