საქართველოს პარლამენტში “ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი -2018” მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტში ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) და ევროპის კავშირის მხარდაჭერით, “ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი – 2018“ მიმდინარეობს.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტისა და წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები, საქართველოს 64-ვე მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალგაზრდა წარმომადგენლები და ფორუმზე მიწვეული სტუმრები ესწრებიან.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) პირველ ვიცეპრეზიდენტ გიორგი ტყემალაძესთან ერთად, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ათეა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით მელუამ და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, გიორგი ჩაკვეტაძემ.
ათეა-ს ცნობით, გამომსვლელთა შორის, ასევე, ქუთაისის საკრებულოსა და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის წარმომადგენლები იყვნენ.
ღონისძიების მონაწილეებმა ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტირების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობაზე, საბიუჯეტო პროცესის გამჭვირვალობაზე, ასევე მუნიციპალიტეტების საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებზე ისაუბრეს და აღნიშნულ პროცესში ფორუმის მნიშვნელოვან როლს გაუსვეს ხაზი.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიმდინარე წელს დაფუძნებული ფორუმი ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდა დელეგატთა მონაწილეობით შექმნილი პლატფორმის გაძლიერებას, ბიუჯეტის პროექტის შეფასების კრიტერიუმების განხილვასა და 2019 წლის საფინანსო დოკუმენტის დაგეგმვის პროცესში მათი გამოცდილების გათვალისწინებას, ასევე ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის მიხედვით განსაზღვრული პრიორიტეტების შესრულების ხელშეწყობასა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
ღონისძიება, რომელიც “ადგილობრივი დემოკრატიის ევროპული კვირეულის” ფარგლებში მოეწყო, თბილისის საკრებულოს ინიციატივითა და საქართველოს პარლამენტისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით ხორციელდება.
“ადგილობრივი დემოკრატიის ევროპული კვირეული” ევროპის საბჭოს 47 წევრი ქვეყნის ყოველწლიური ღონისძიებაა. მისი მიზანი ევროპული გამოცდილების გაზიარება და ადგილობრივ თვითმმართველობებში დამკვიდრებაა. ასევე, ახალგაზრდების ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში და სოციალური კავშირების გაუმჯობესება.
აღნიშნულ კვირეულს, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG), როგორც ევროსაბჭოს კონგრესის პარტნიორი, ორგანიზებას ყოველწლიურად უწევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები