ვენის ალბერტინას მუზეუმი ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენას უმასპინძლებს

ვენის ალბერტინას მუზეუმი ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენას უმასპინძლებს. მუზეუმის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ნიკო ფიროსმანაშვილზე მომზადებული ვიდეორგოლის თიზერი „ალბერტინას მუზეუმი“   უკვე გამოქვეყნდა.
„NIKO PIROSMANI – A Wanderer Between Worlds“ – ამ სახელწოდების ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენას ვენის ალბერტინას მუზეუმი  26 ოქტომბრიდან 2019 წლის 27 იანვრამდე უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის 29 ნამუშევარი საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან, ასევე, 1972 წელს, პარიზში, ილია ზდანევიჩის მიერ ხელნაკეთი წიგნი, სახელწოდებით „ფიროსმანაშვილი 1914“. აღნიშნულ წიგნში შესულია პაბლო პიკასოს მიერ შესრულებული გრავიურა „ფიროსმანის პორტრეტი“.
ვენაში, ალბერტინას მუზეუმში ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენა, მხატვრის გარდაცვალების 100 წლისთავს ეძღვნება. პროექტის ფარგლებში ასევე პირველად გამოიფინება ცნობილი იაპონელი არქიტექტორის ტადაო ანდოს მიერ სპეციალურად შექმნილი მაგიდა სახელწოდებით „Table Of Pirosmani“, რომელიც სწორედ მხატვრის ხსოვნას ეძღვნება.
გამოფენის მთავარი მიზანია ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედებისა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა.
ვენაში, ალბერტინას მუზეუმში ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენის ორგანიზატორია „Infinitart Foundation Vienna“, საქართველოს ეროვნული და ვენის, ალბერტინას მუზეუმები. პროექტის პარტნიორია Julius Baer, TS Foundation, Lady Angela Nevill. გამოფენის სპონსორია „საქართველოს ბანკი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები