ანრი ოხანაშვილი: პრეზიდენტი ოპოზიციის დღის წესრიგით გვესაუბრება

“პრეზიდენტს აქვს უფლება კონსტიტუციით, რომ დასვას კონკრეტული საკითხის განხილვა, თუმცა დააკვირდით რა ფორმით ხდება ამ ყველაფრის წარმოჩენა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან” – განაცხადა უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, როგორც მთავრობის მეთაურს და ხელმძღვანელს ვერცერთი სახელმწიფო დაწესებულების წარმომადგენელი ვერ განუსაზღვრის მთავრობის სხდომის დღის წესრიგს.
მისივე თქმით, პრეზიდენტი, როგორც სახელმწიფოს მეთაური და როგორც ნეიტრალური ძალა, რომელიც თუკი რაიმე რისკებს ხედავს, მოწოდებული უნდა იყოს ჯანსაღად მიუდგეს ამ საკითხებზე მსჯელობას, ფაქტიურად, ოპოზიციის დღის წესრიგს გვთავაზობს.
„ისინი საუბრობენ იმაზე, რომ თურმე გირგვლიანის საქმე ტოლია იმ ტრაგედიისა, რაც მოხდა ხორავას ქუჩაზე. ტოლობის ნიშანს სვამენ გირგვლიანის საქმესთან, როდესაც სახელმწიფომ განახორციელა შეთქმულება ერთი პირის სიცოცხლის მოსპობის წინააღმდეგ. ამას უთანაბრებენ ხორავას ქუჩის ტრაგედიას. ეს, სულ მცირე, მორალურად გაუმართლებელია და ეწინააღმდეგება როგორც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს სულისკვეთებას, ისე ჩვენი საზოგადოების განწყობას. ყველამ კარგად ვიცით , რომ გირგვლიანის საქმეში სახელმწიფომ მოაწყო შეთქმულება ერთი პირის წინააღმდეგ, ხორავას ქუჩის შემთხვევაში კი ეს იყო მოზარდებს შორის კონფლიქტი, რომელიც ტრაგედიით დასრულდა. ამ ყველაფრის შემდეგ, როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ კონტექსტით საუბრობს და ითხოვს, თითქოსდა დაინტერესებული იყოს რაღაც კონკრეტული შედეგის მიღწევით, კითხვებს აჩენს , რამდენად არის მათი მხრიდან სურვილი და მოლოდინი იმისა , რომ მართლაც მოხდეს ასეთი შეხვედრა. თუ არის სურვილი, რომ ასეთ საკითხებზე იმსჯელონ, ამას სჭირდება სხვაგვარი მიდგომა და არა საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა” – აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები