ზაქარია ქუცნაშვილი თიანეთის, ყაზბეგის და დუშეთის მაჟორიტარული ოლქის პირველკურსელებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის წევრი, თიანეთის, ყაზბეგის და დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი ტრადიციულად შეხვდა მაჟორიტარული ოლქიდან ახალგაზრდებს, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს ეროვნული გამოცდები და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები გახდნენ.
შეხვედრა თიანეთის, ყაზბეგის და დუშეთის რაიონების პირველკურსელებთან პარლამენტის თბილისის სასახლეში გაიმართა.
ზაქარია ქუცნაშვილმა ახალგაზრდებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება – სტუდენტობა მიულოცა და სწავლაში წარმატებები უსურვა. მან საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილებაც გააცნო ახალგაზრდებს და ურჩია, რომ უმთავრესია ახალგაზრდებმა ცხოვრების მიზანი ჩამოაყალიბონ და შემდეგ ამ მთავარი მიზნისკენ გეგმაზომიერი სვლით იარონ.
თავის მხრივ, სტუდენტები პარლამენტის საქმიანობით დაინტერესდნენ და დეპუტატისგან სხვადასხვა კითხვაზე მიიღეს პასუხი.
„სტუდენტებთან შეხვედრის მიზანი არის ის ინტერესი, რომელიც მე მაქვს ახალ თაობასთან მიმართებაში – ახალი თაობა გამოდის რა თავისი ცხოვრების ასპარეზზე, ჩემის აზრით ცოდნის მიღებით ანუ სპეციალობების დაუფლებით იძენს იმ უნარ-ჩვევებს და აუცილებელ ცოდნას, რაც ჯამში მათ აახლოებს ცხოვრების მიზანთან. ეს გზა არ არის მარტივი, მით უმეტეს სტუდენტების ცხოვრება არ არის მარტივი. ამიტომაც, მე შევეცადე ის მეთოდოლოგია გამეცნო, რითაც მე ვხელმძღვანელობ ცხოვრებაში – რა არის ცხოვრების მიზანი და რა როლს ასრულებს ამ მიზნის მიღწევაში პროფესიული ცოდნა და საქმიანობის სფერო. ვფიქრობ, ამ სამი რამის კავშირი განაპირობებს ადამიანის წარმატებას, ბუნებრივია, შრომასთან ერთად, რადგან შრომის გარეშე არაფერი ხდება. იმედი მაქვს, რომ ჩვენი სტუდენტები დუშეთიდან, თიანეთიდან და ყაზბეგიდან წარმატებული ეროვნული გამოცდების შემდეგ, ასევე წარმატებით შეძლებენ სპეციალობების დაუფლებას, საქმიანობის გაგრძელებას იმ მიზნების მისაღწევად, რაც მათ დაისახეს თავისი ცხოვრების ამ თუ შემდგომ ეტაპზე“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა პირველკურსელებთან შეხვედრის შემდეგ.
წელს თიანეთის, დუშეთის და ყაზბეგის რაიონებიდან 200-მდე ახალგაზრდამ მოიპოვა პირველკურსელის სტატუსი.
R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები