მთავრობა თანამდებობრივი სარგოებისა და პრემირების ერთიან წესს შეიმუშავებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, მთავრობა თანამდებობრივი სარგოებისა და პრემიების ერთიან წესს შეიმუშავებს. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, ნინო კობახიძის განცხადებით, გადაწყვეტილება პრემიერმა მთავრობის წევრთა, თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოხელეთა ხელფასებისა და პრემიების საკითხისადმი ფართო საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით მიიღო. ნინო კობახიძემ ჟურნალისტებს ამ თემასთან დაკავშირებით პრემიერი-მინისტრის პოზიციაც გააცნო.
“ერთხელ და სამუდამოდ ჩვენს ქვეყანაში უნდა შეიქმნას სისტემა, რომელიც მოაწესრიგებს საჯარო მოხელეებისა და თანამდებობის პირების ხელფასების, დანამატების თუ პრემიების საკითხს. ეს უნდა იყოს გამჭვირვალე სისტემა, რომ ჩვენი ქვეყნის არცერთ მოქალაქეს არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვა. სისტემა უნდა იყოს სტანდარტიზებული, თუმცა ითვალისწინებდეს განსაკუთრებით მძიმე და დიდ რისკთან დაკავშირებული საქმიანობის სპეციფიკურობას. ვიცი, რომ ამ საკითხზე უკვე დაწყებულია მუშაობა და პირველი ეტაპი უკვე წარმატებით გავლილია. ამიტომ, ეს პროცესი უმოკლეს ვადებში უნდა დავასრულოთ”, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.
პრემიერ-მინისტრის დავალებით, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა, მისმა მოადგილემ ნინო კობახიძემ და საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელმა ეკატერინე ქარდავამ ხელფასებისა და თანამდებობრივი სარგოების მოქნილი, სამართლიანი განაწილების პრინციპზე დაფუძნებული და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანილი სტრუქტურა არაუგვიანეს 31 ივნისისა უნდა წარადგინონ.