პრემიერი მთავრობის სხდომას იმ შემთხვევაში მოიწვევს, თუ მას პრეზიდენტი პირადად მიმართავს
მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ნათია მიქელაძის თქმით, პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხდომას პრეზიდენტის პირადი მიმართვის შემთხვევაში მოიწვევს.
როგორც მან აღნიშნა, ამ დროისთვის პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის მიერ არის წერილი გაგზავნილი, რაც კანონმდებლობით დადგენილ წესს არ შეესაბამება.
“მთავრობის ადმინისტრაცია ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტის წინადადებას და გამოთქვამს მზადყოფნას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თუ იქნება წინადადება წარმოდგენილი, რომ ცალკეული საკითხი განხილული იქნას საქართველოს მთავრობის სხდომაზე, ჩვენ ამას განვიხილავთ და უზრუნველვყოფთ. კონსტიტუციის 78-ე მუხლის მეექვსე პუნქტი სწორედ ის მუხლია, რომლის შესაბამისადაც პრეზიდენტს უფლებამოსილება აქვს, რომ ცალკეული საკითხების განხილვის მიზნით, მიმართოს საქართველოს მთავრობას. სწორედ 78-ე მუხლის მეექვსე პუნქტი ითვალისწინებს, რომ პრეზიდენტია უფლებამოსილი, რომ მიმართოს საქართველოს მთავრობას. ამ შემთხვევაში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მიერ იქნა წერილი გამოგზავნილი. ეს კანონმდებლობით დადგენლ წესს არ შეესაბამება”, – განაცხადა ნათია მიქელაძემ.
მიქელაძის ინფორმაციით, თუკი პრეზიდენტი გარკვეული საკითხების მთავრობის სხდომაზე განხილვის მოთხოვნით უშუალოდ თვითონ მიმართავს მთავრობის ადმინისტრაციას და დოკუმენტზეც მისი ხელმოწერა იქნება, მთავრობა ამ უფლებამოსილებას პრეზიდენტს ვერ შეუზღუდავს. ამასთან, ნათია მიქელაძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მიერ გაგზავნილ წერილში ის საკითხები, რისი განხილვაც პრეზიდენტს მთავრობის სხდომაზე სურს, ერთი დასათაურებით არის წარმოდგენილი და ინფორმაციულად გაშლილი არ არის.
“პროცედურული წესის დაცვის შემთხვევაში, მთავრობა მზად არის, რომ განიხილოს მთავრობის სხდომაზე ის საკითხები, რომელსაც პრეზიდენტი ითხოვს… ამჯერად წარმოდგენილი წერილით საკითხი მოცემულია ერთი დასათაურებით. არ არის საკითხი ინფორმაციულად გაშლილი,”- განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს შესთავაზა, უახლოეს დღეებში მთავრობის სხდომა პრეზიდენტის მონაწილეობით გაიმართოს.