მამუკა ბახტაძე ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში არად ბენკოს შეხვდა

0

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის საქართველოში, არად ბენკოს შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები, საქართველო-ავსტრიის მჭიდრო ურთიერთობები, ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია, სამთავრობო რეფორმები, შექმნილი ხელსაყრელი ბიზნესგარემო და ავსტრიული კომპანიების მხრიდან საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის მიმართ მზარდი ინტერესი იყო.
მთავრობის მეთაურმა და ავსტრიელმა დიპლომატმა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ქვეყნებს შორის მეგობრულ და დინამიკურ თანამშრომლობაზე გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნეს, რომ თბილისში ავსტრიის საელჩოს გახსნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ურთიერთობების, მათ შორის, ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას.
ავსტრიული მხარის შეფასებით, საქართველოს მთავრობის სტრატეგია ქვეყანა გახდეს რეგიონული ჰაბი – ფინანსების, ლოგისტიკის, ვაჭრობის, ტურიზმის და სხვა მიმართულებებით წარმატებულია, რასაც ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობაც ხელს უწყობს.
შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი სატრანსპორტო-ლოგისტიკური დერეფნის განვითარების პერსპექტივებსა და რეგიონული მასშტაბის პროექტებზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ავსტრიის ფედერალური კანცლერის შეხვედრის მნიშვნელობას, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერში, გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში გაიმართა. აგრეთვე, ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების აუცილებლობას.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებასა და მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას – “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”, რომელიც საოკუპაციო ხაზით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებისკენ მიმართული კიდევ ერთი ნაბიჯია.
პრემიერმა ავსტრიის მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი