ნუკრი ქანთარია: მთავარია, ამ არჩევნებამდე მშვიდად მივიდეთ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დეპუტატი ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ ვადამდელი არჩევნები, რომც ჩატარდეს შედეგის თვალსაზრისით ბევრი არაფერი შეიცვლება.
როგორც მან აღნიშნა, საპარლამენტო არჩევნებამდე იმ საკითხების გადაჭრა უნდა გახდეს პრიორიტეტული, რაც პოლიტიკურ სპექტრშია თავმოყრილი.
„საპარლამენტო არჩევნებამდე წელიწადნახევარი დარჩა თუ მეტი არა. მთავარია, ამ არჩევნებამდე მშვიდად მივიდეთ და საარჩევნო ციკლი სრულად ჩამთავრდეს. ეს ისე არ უნდა იყოს აღქმული, თითქოს ჩვენ არჩევნების გვეშინია. ოპოზიციური სპექტრი დღეს ისევ იგივეა. ვადამდელი არჩევნები რომ ჩატარდეს, შედეგის თვალსაზრისით, ბევრი არაფერი შეიცვლება. ჰაი-ჰუის ძახილის მეტი არაფერი იქნება. ეს კი გარკვეულ დროს დაგვაკარგვინებს და მოგვწყვიტავს იმ ძირითადი პრობლემების მოგვარებისგან, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არცთუ ისე ცოტაა. ამ წელიწადნახევარში აქცენტირება უნდა მოხდეს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც პოლიტიკურ სპექტრშია თავმოყრილი. ვგულისხმობ, ოპოზიციური სპექტრის გაჯანსაღებას, რათა ხელისუფლების ალტერნატივად ისევ ნაციონალური მოძრაობა არ წარმოჩინდეს“, – აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.
„ქართული ოცნების“ წევრის თქმით, არ ჩანს, რომ ვადამდელი არჩევნებისთვის რომელიმე შედარებით ჯანსაღი ოპოზიციური პარტია მზად არის. ამ დარჩენილ დროში კი, ვიდრე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, ქანთარიას თქმით, ახალ სახეებს უნდა მიეცეს საშუალება, რომ პოლიტიკაში დამკვიდრდნენ.
„2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საზოგადოებას საინტერესო არჩევანის გაკეთების საშუალება უნდა მიეცეს, ამისთვის პოლიტიკურმა სპექტრმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“, – აღნიშნავს ნუკრი ქანთარია.