დევდორაკის ხეობაში რამდენიმე საგუშაგო შეიქმნა
შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე მესამე დღეა დარიალის ხეობაში, სტიქიის ადგილას იმყოფება და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით საგანგებო შტაბს ხელმძღვანელობს.
შინაგან საქმეთა მინისტრის დავალებით, მდინარე დევდორაკის ხეობის ყველაზე მაღალ წერტილებში შექმნილია რამდენიმე საგუშაგო. საგუშაგოებზე შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვისა და სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლები იმყოფებიან. ისინი მეწყერსაშიშ ზონებს აკვირდებიან. საფრთხის არსებობის შემთხვევაში, რადიოკავშირით დაუყოვნებლივ აცნობებენ ხეობაში, ქვემოთ მდებარე საგუშაგოზე მყოფ საპატრულო პოლიციის და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებს, რათა დროულად მოხდეს მეწყერსაშიში ზონიდან მძიმე ტექნიკისა და იქ მომუშავე პერსონალის ევაკუირება, რომლებიც ადგილზე საძიებო-სამაშველო და გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებენ.
შსს-ს ცნობით, საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებს რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროდან 18 ტონა დიზელი მიაწოდეს ლარსის მხარეს, მეწყერის მიერ ჩახერგილ ზონაში, სადაც შეუძებელია ყაზბეგის მხრიდან ვერტმფრენით საწვავის მიწოდება. ლარსის მხარეს მომუშავე მძიმე ტექნიკა საწვავის მიწოდების შემდეგ შეუფერხებლად აგრძელებს გაწმენდით და საძიებო-სამაშველო სამუშაოებს.
ამჟამად მიმდინარეობს მეწყერის ქვეშ მოყოლილი ერთ-ერთი სატვირთო ავტომანქანის ნაშალი მიწისგან განთავისუფლება. შსს-ს სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები დამეწყრილ ტერიტორიებზე, 24- საათიან რეჟიმში, კოორდინირებულად აწარმოებენ საძიებო-სამაშველო და გაწმენდით სამუშაოებს სპეციალური ტექნიკითა და აღჭურვილობით.