პრემიერი: ტოლობის ნიშანი გირგვლიანის მკვლელობასა და ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას შორის, პრინციპულად მიუღებელია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის თქმით, პრეზიდენტმა დასვა ტოლობის ნიშანი სანდრო გირგვლიანის მკვლელობასა და ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას შორის, რაც პრემიერის შეფასებით, პრინციპულად მიუღებელია.
მისივე თქმით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ემსახურება წინასაარჩევნო პერიოდში დისონანსის შემოტანას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
„საქართველოში მთავრობის სხდომას ვატარებთ ჩვეულებრივი განრიგით და ჩვეულებრივი რეჟიმით, ბუნებრივია, მზად ვართ ნებისმიერ საკითხზე სასაუბროდ. რაც შეეხება სხდომაზე განსახილველ საკითხებს, ამას არეგულირებს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო და ამის შესახებ განცხადებას მთავრობის ადმინისტრაცია აუცილებლად გააკეთებს.
თუ სწორად გავიგე, პრეზიდენტმა დასვა ტოლობის ნიშანი სანდრო გირგვლიანის მკვლელობასა და ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას შორის, ეს არის პრინციპულად მიუღებელი.
აქვე, რაც შეეხება საქართველოში ბიზნესისა და მისი ინტერესების დაცვას, ესეც ყველასთვის ნათელია და ამას მოწმობს ჩვენი პოზიცია საერთაშორისი რეიტინგებში. ის, რაც გავრცელდა სხვადასხვა ჩანაწერის სახით დარწმუნებული ვარ, საზოგადოება კარგად გაერკვევა, საგამოძიებო ორგანოები შესაბამის შეფასებას მისცემენ, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით მინდა აღვნიშნო, რომ გადასახადს საქართველოს ბიუჯეტში ყველა გადაიხდის.
საბოლოო ჯამში, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი როგორც ჩანს ემსახურება წინასაარჩევნო პერიოდში დისონანსის შემოტანას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ნურავის ექნება ამის ილუზია. საქართველოში არჩევნები ჩატარდება თავისუფალ, სამართლიან და მშვიდ გარემოში. ისე, როგორც ეს შეეფერება იმ სტანდარტს, რისკენაც მივილტვით – საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი, რომელსაც აუცილებლად მივაღწევთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ მხარდაჭერას უცხადებს ზაზა სარალიძეს, რომელიც ირინა ენუქიძის მსგავსად, იცავს ჩვენი შვილების სიცოცხლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები