ისრაელის მიერ ღაზის სექტორში განხორციელებულ დაბომბვას, სულ მცირე, 44 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ჯანდაცვის სექტორის ადგილობრივ პალესტინელ წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღაზის სექტორის ჩრდილოეთით, ჯაბალიის პოლიციის განყოფილებაზე ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა.
ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ „ჰამასის“ და „ისლამური ჯიჰადის“ დაჯგუფებების სამეთაურო ცენტრს დაარტყეს, რომელსაც მებრძოლები ისრაელის ძალებზე თავდასხმების დასაგეგმად და განსახორციელებლად იყენებდნენ.
მედიკოსების თქმით, ისრაელის ორი რაკეტა ბაზრის მახლობლად მდებარე პოლიციის განყოფილებას მოხვდა, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაიჭრა, 10 კი დაიღუპა. გარდაცვლილთა ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანოების ცნობით, ისრაელის მიერ ანკლავში განხორციელებულ ცალკეულ საჰაერო დარტყმებს, სულ მცირე, 34 ადამიანი ემსხვერპლა, რამაც ხუთშაბათის, 24 აპრილის დღის განმავლობაში დაღუპულთა რიცხვი 44-მდე გაზარდა.