მამუკა მდინარაძე: საზოგადოების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ოპოზიცია არ გვყავს საქართველოში, მათ შორის ოპოზიციურად განწყობილი ადამიანებიც

საზოგადოების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ოპოზიცია არ გვყავს საქართველოში, მათ შორის ოპოზიციურად განწყობილი ადამიანებიც, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ქართულ აგენტურას ისიც ამწარებს, რომ მმართველი გუნდი ეუთოს გენმდივანს შეხვდა.

„საგარეო საქმეთა მინისტრი ჩასული იყო ავსტრიაში და ამაზე არის ერთი გოდება გუნდის შიგნით და საჯაროდ ლანძღვა-გინება. ამერიკაში ვინ ჩაუშვა ესენი და მსგავსი ფრაზები. რაღაც ტერმინებს იგონებენ, რაც დიპლომატიაში საერთოდ არ არსებობს და არაფრის გამომხატველია არ არის. ცრუ ნარატივი აქვთ ყველა მიმართულებით. სიტყვა „დატუქსვა“, ასეთი სიტყვები და აბსურდები იმიტომ შემოაქვთ, რომ ხალხზე აქვთ ძალიან მცდარი წარმოდგენა. ხალხი ამას არ დაიჯერებს, რომ საქართველოს ვიცე-პრემიერი ჩავიდა ამერიკაში და იქ დატუქსავენ ვიღაცები. ეს არის სიტყვა, რომელიც პროპაგანდისტულად არის შემოტანილი იმ მიზნით, რომ დააკნინოს იმ ადამიანის თუ პირთა ჯგუფის როლი იმ საკითხებში, რომელშიც ის მონაწილეობს.

ეს არის მდაბიო პიარი, ისეთ მასაზე გათვლილი პიარი, რომელიც საქართველოში საერთოდ არ გვყავს. ამიტომ არის, რომ სულ აგებენ. ასეთი აბსურდების გამო მათ არ აქვთ მხარდაჭერა. რეიტინგიც ამაზე მეტყველებს და მათი პოზიციონირებაც. საზოგადოების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ოპოზიცია არ გვყავს საქართველოში, მათ შორის ოპოზიციურად განწყობილი ადამიანებიც. ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს დღეს საქართველოში პოლიტიკური დასაყრდენი არ აქვთ. არ არსებობს ის ოპოზიციური ძალა, თუ ოპოზიციონერი ადამიანი, რომელსაც ისინი მხარს დაუჭერენ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები