ეკა ლალიაშვილი: 8 თვის მონაცემებით, მხოლოდ 40 პირს აქვს მართვის მოწმობის ქულები განულებული

მიმდინარე 8 თვის მონაცემებით, მხოლოდ 40 პირია, ვისაც აქვს მართვის მოწმობის განულებული ქულები იმის გამო, რომ საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია, – ამის შესახებ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ლალიაშვილმა საგზაო უსაფრთხოების სფეროში მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად ავარიების გაზრდილ რაოდენობასთან დაკავშირებით ისაუბრა. მესამე სექტორი პრემიერთან შეხვედრას ითხოვს.
„სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში, წლების განმავლობაში არ გამოიძებნა ის უწყება, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას საგზაო შემთხვევების შემცირებაზე. წლებია, თვალ-ყურს ვადევნებთ იმ სტატისტიკას, რომელიც მზარდია. შარშან გამონაკლისი შემთხვევა გვქონდა, როდესაც შემცირდა 10 %-ით ავტოავარიები და ეს იყო დიდი მიღწევა ამ ქვეყნისთვის. რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენც შეგვიძლია, მივაღწიოთ პროგრესს გზებზე უსაფრთხოების ამაღლებაში. თუმცა, ის მოლოდინი ვეღარ გაგრძელდა, რაც გვქონდა, მიმდინარე წელს კვლავ დაიწყო ზრდა ავტოავარიების რიცხვმა იმიტომ, რომ ქულათა სისტემა, რომელიც შარშან განხორციელდა და მოლოდინი იყო, რომ გაგრძელდებოდა ის პროგრესი, რაც 2017 წელს იყო, გადაიზარდა რეგრესში, რადგან დღეის მდგომარეობით, მიმდინარე 8 თვის მონაცემებით, მხოლოდ 40 პირია, ვისაც აქვს განულებული ქულები იმის გამო, რომ დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები. იმის ფონზე, რომ ასეთი მასშტაბების საგზაო დარღვევების მონაცემები გვაქვს, 40 პირი არის ძალიან მცირე. უნდა აღინიშნოს, რომ 2 მილიონ 300 ათასზე მეტი ადმინისტრაციული დარღვევა დაფიქსირდა. ეს არის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი, მაგრამ უნდა ითქვას, რომ მხოლოდ დაჯარიმებით, სადამსჯელო ღონისძიებებით ეს პრობლემა ვერ მოგვარდება. აქ არის, ასევე, სხვა მიმართულებები, როგორიცაა უსაფრთხო ინფრასტრუქტურის მოწყობა, ტრანსპორტის უსაფრთხოება, ამას მხოლოდ ტექინსპექტირება ვერ მოაგვარებს, იმიტომ რომ აქაც კითხვის ნიშნებია, თუ როგორ მიმდინარეობს ტექინსპექტირების პროცესი და რამდენად უზრუნველყოფს უსაფრთხოების ამაღლებას. საკითხი კომპლექსურია“, – განაცხადა ლალიაშვილმა.
მისივე თქმით, ამ სფეროში პრემიერის ჩართულობა მნიშვნელოვანია.
„რატომ ვითხოვთ პრემიერის ჩართულობას?! საგზაო უსაფრთხოების სამოქმედო გეგმა, რომელიც დღეს ქვეყანას აქვს და არის 29-პუნქტიანი, მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ავტომობილის უსაფრთხოება, ინფრასტრუქტურული პროექტები, განათლების ასპექტები და სხვა. როგორც ჩანს, სწორად ვერ ვახორციელებთ ამ პროექტს, რომელშიც მილიონობით ლარია ჩადებული, რაღაცას ვერ ვაკეთებთ. გავიდა 6 თვე, ყოველ 6 თვეში ერთხელ პრემიერმა უნდა მიიღოს ინფორმაცია ამ განხორციელებული გეგმის შედეგად, უნდა დაისვას კითხვა – რატომ გვაქვს რეგრესი, თუ ამ გეგმას მივყვებით? ჩვენ ვხედავთ, რომ პრემიერის ჩართულობა აქ მინიმალურია, შეიძლება ითქვას, პრაქტიკულად, არც არის. ჩვენ გვინდა, მივმართოთ და ვუთხრათ, რომ ეს არის ქვეყნის რეპუტაციისთვის, თითოეული მოქალაქისთვის მეტად მნიშვნელოვანი საკითხი“, – განაცხადა ლალიაშვილმა.
შეგახსენებთ, საგზაო უსაფრთხოების სფეროში მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში გაზრდილი საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.
მათი ინფორმაციით, „2018 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში მოხდა 4 196 საგზაო შემთხვევა, რომლის დროსაც დაიღუპა 307 ადამიანი და დაშავდა 5 989 პირი. მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, საქართველოში საგზაო შემთხვევათა რაოდენობა 7%-ით (292 შემთხვევით მეტი), დაშავებულობა კი 8%-ით გაიზარდა (443 პირით მეტი დაზიანდა).

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები