მამუკა ბახტაძე: არაერთი კვლევის შედეგი ცხადყოფს, რომ სპორტი ევროპული ინტეგრაციის პროცესის მძლავრი ინსტრუმენტი გახდა

ევროპული ინტეგრაციის გზაზე ჩვენი მხარდამჭერია ევროპის საბჭო, რომელთან თანამშრომლობა რამდენიმე ათეულ წელს ითვლის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სასტუმრო „ბილტმორში”, ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალის გახსნაზე განაცხადა.
როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიული, პოლიტიკური, კულტურული თუ ღირებულებითი თვალსაზრისით, ევროპის განუყოფელი ნაწილია. მისი თქმით, საქართველოსთვის დიდი პატივია თბილისში უმასპინძლოს ევროპის საბჭოს სპორტზე პასუხისმგებელი მინისტრების მე-15 საიუბილეო კონფერენციას.
“ევროპული ინტეგრაციის გზაზე ჩვენი მხარდამჭერია ევროპის საბჭო, რომელთან თანამშრომლობა რამდენიმე ათეულ წელს ითვლის. 1999 წლიდან დღემდე თანამშრომლობა საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის კიდევ უფრო გაღრმავდა, მათ შორის მნიშვნელოვან ადგილს იკავებს სპორტის სფერო”,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ. მისივე თქმით, 21-ე საუკუნეში, სპორტი თანამედროვე ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა და არაერთი კვლევის შედეგი ცხადყოფს, რომ სპორტი ევროპული ინტეგრაციის პროცესის მძლავრი ინსტრუმენტი გახდა „პირდაპირ თუ ირიბად, სპორტის სფერო უფრო და უფრო უახლოვდება საზოგადოების ცნობიერებასა და ყოველდღიურობას. მას როგორც უნივერსალურ საშუალებას ენიჭება სოციალური, ეკონომიკური, საგანმანათლებლო და კულტურული მნიშვნელობა. არაერთი კვლევის შედეგი ცხადყოფს, რომ სპორტი ევროპული ინტეგრაციის პროცესის მძლავრი ინსტრუმენტი გახდა. მისასალმებელია, რომ სახელმწიფო უწყებები, საერთაშორისო ორგანიზაციები, ტრანსნაციონალური კორპორაციები თუ არასამთავრობო ორგანიზაციები მნიშვნელოვნად ზრდიან თავიანთ კონტრიბუციას სპორტის სფეროში, მათ შორის არის ჩვენი ქვეყანა”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ დღევანდელი კონფერენცია ნაყოფიერ შედეგს გამოიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები