ზაქარია ქუცნაშვილი: ლევან ყიფიანს და ზაზა ოქუაშვილს ვიცნობ, გეტყვით რომ ამ ორიდან ერთი იტყუება

ლევან ყიფიანსაც და ზაზა ოქუაშვილსაც ვიცნობ. ადამიანურად გეტყვით, რომ ამ ორიდან ერთი იტყუება, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გამოძიებამ უნდა დაადგინოს ამ ორი ადამიანიდან, რომელი იტყუება.
„ფაქტია, რომ ამ ორიდან ერთი საზოგადოებას ძალიან მძიმედ ატყუებს. როგორც ადამიანმა, ჩემი სურვილი გამოვთქვი, მაგრამ დანარჩენი კანონმა უნდა თქვას. გამოძიებამ უნდა დაადგინოს ამ ორი ადამიანიდან მართალს ვინ ამბობს და ვინ იტყუება“, – აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.
პარლამენტის წევრი მედიით გავრცელებულ ჩანაწერებსაც ეხმაურბა და აცხადებს, რომ მისთვის რთულია იმის შეფასება, რამდენად ნამდვილია ჩანაწერები.
„რამდენად სარწმუნოა და რამდენად ნამდვილია, ამის შემფასებლად არ გამოგადგებით. ამას სპეციალური ცოდნა სჭირდება. შინაარსი, რა თქმა უნდა, სასიამოვნო მოსასმენი არ იყო. ეს საქმე იმდენად გახმაურდა და იმდენად ემოციური ფონი შეიძინა, რომ, ჩემი აზრით, აქ კანონმა უნდა ილაპარაკოს და არა ჟურნალისტებმა და პოლიტიკოსებმა. მესმის, რომ პოლიტიკოსებს ბევრი ლაპარაკი უყვართ, ჟურნალისტებს კიდევ უფრო მეტი, მაგრამ მე მირჩევნია, ამ შემთხვევაში თავისი სათქმელი კანონმა თქვას“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
მისივე განმარტებით, საქართველოს მთავარ პროკურორს, შალვა თადუმაძეს ენდობა.
„მასთან მიმუშავია და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, საქართველოს მთავარი პროკურორი ნდობითა და ავტორიტეტით აღიარებული პიროვნება იყოს, მაგრამ ეს მარტო შალვა თადუმაძეზე დამოკიდებული არ იქნება. საჭიროა, მხარეებმა გამოძიებასთან ითანამშრომლონ და თავისი სიმართლის დამადასტურებელი მტკიცებულებები დადონ. ასევე, თუ საჭირო გახდა, ტყუილების ლაპარაკში სხვაც ამხილონ“, – დასძინა ზაქარია ქუცნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები