დავით ჭიჭინაძე: „ქართული ოცნება“ საყოველთაო ქუცნაშვილის გზას დაადგა
საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე, რომელიც ამჟამად დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით პარლამენტის ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსს“ შეუერთდა, მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. ამის შესახებ ჭიჭინაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ამ პარლამენტმა თავისი როლი ამოწურა საერთოდ და ნებისმიერი საღად მოაზროვნე დეპუტატი უნდა ხვდებოდეს, რომ ჩვენ ვიმყოფებით აბსოლუტურად კრიზისულ სიტუაციაში, ამას აჩვენებს დღევანდელი საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა, რამდენად მძიმედ მიდის – არ არის გამოკვეთილი ლიდერი. საპარლამენტო რესპუბლიკის მაგივრად ჩვენ მივიღეთ კობახიძის პარლამენტი, რომელიც ყველას თვითონ პასუხობს, ყველას თვითონ უკეთებს შეფასებებს, არის ხიბლში ჩავარდნილი. ჰგონია, რომ ის არის ქვეყნის ლიდერი, ქვეყნის მამა და რასაც იტყვის, ის იქნება ამ ქვეყანაში სიმართლე. საზოგადოება სხვანაირად ფიქრობს, პარლამენტს ასეთი თავმჯდომარის მეთაურობით ახალი წლის შემდეგ, ალბათ, გაუჭირდება ამას გაძლება. 2 წელიწადი ძალიან რთული იქნება საზოგადოებისა და ღირსეული დეპუტატებისთვის ამის ყურება. ბევრი ღირსეული ადამიანია „ქართულ ოცნებაში“ და ამ დეგრადირებული ადამიანის ყურება ძალიან ძნელია. ყველა დეპუტატმა უნდა იმუშაობს იმაზე, რომ იყოს საპარლამენტო ვადამდელი არჩევნები ქვეყანაში“,- განაცხადა დეპუტატმა.
მისივე თქმით, ქვეყანაში როგორც სამთავრობო, ისე საპარლამენტო კრიზისია.
„სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ დაადგა საყოველთაო ქუცნაშვილის გზას, დაპირებებში არიან კოლექტიური ქუცნაშვილები, იმიტომ, რომ მან განაცხადა, არჩევნები იმისთვისაა, უნდა დაპირდე, თორემ შესრულებას რა მნიშვნელობა აქვსო. ამას ყველა პოლიტიკური ძალა ბეჯითად ასრულებს“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.
თამუნა შეყილაძე