ვანო ჩხარტიშვილი: ამ სერიალების სცენარისტ მიხეილ სააკაშვილს ფანტაზიას, ნამდვილად, ვერ დაუწუნებ, „ზაზაფიქჩერსის“ ოპერეტები გრძელდება

მორიგი საპნის ოპერეტა ნიკა გვარამიას რეჟისურითა და ზაზა ოქუაშვილის შესრულებით“, – ასე შეაფასა ბიზნესმენმა, ვანო ჩხარტიშვილმა გუშინ, „კურიერის“ მიერ გავრცელებული მორიგი ფარული ჩანაწერი.
ამასთან, ვანო ჩხარტაშვილი აცხადებს, რომ ლონდონის ორმა წამყვანმა საექსპერტო ბიურომ, ბოლო დროს გავრცელებული ფარული ჩანაწერები ხელით მანიპულირებულად მიიჩნია.
ამასთან, ჩხარტიშვილი ამბობს, რომ იგი გააგრძელებს სასამართლო დავებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სა და „იბერიას“ წინააღმდეგ, როგორც საქართველოში ასევე, დიდ ბრიტანეთში.
„ამ სერიალების სცენარისტ მიხეილ სააკაშვილს ფანტაზიას, ნამდვილად, ვერ დაუწუნებ, თვეზე მეტია, „ზაზაფიქჩერსის“ ოპერეტები გრძელდება და ყოველი ახალი ჩანაწერი წინაზე “სკანდალურია“. ვერაფერს ვიტყვი, საბოლოოდ „გამშიფრეს“ და გლობალური პოლიტიკური პროცესების მონაწილედ „შემრაცხეს“, მადლობის მეტი რა მეთქმის. ვიცი, რომ ფინალისთვის უფრო დიდი „კომპრომატი“ აქვთ შემონახული. მიუხედავად ასეთი „საფრთხისა“, რა სიუჟეტიც არ უნდა შეთხზან ან რა „სამხილითაც“ არ უნდა დამემუქრონ, მე არ შევწყვეტ დაწყებულ სასამართლო დავას „რუსთავი 2“-ის, ნიკა გვარამიას, „იბერიასა“ და ზაზა ოქუაშვილის წინააღმდეგ, როგორც საქართველოში, ისე დიდ ბრიტანეთში. ასეთი უბადრუკი მცდელობები ვერც იმ უდავო ფაქტს გადაფარავს, რომ ლონდონის ორმა წამყვანმა საექსპერტო ბიურომ ზემოთ დასახელებულ ტელეკომპანიებში, ბოლო დროს გავრცელებული ფარული ჩანაწერები ხელით მანიპულირებულად და სხვადასხვა დროსა და ადგილას გაკეთებული ჩანაწერების მონტაჟად მიიჩნია​.
​ისე, ხალხს, სამი წლის წინანდელი გადაკეთებული ჭორაობების ყურებაში უკვე ჩაეძინა და რაღაც ახალია საჭირო. ამიტომ, დავაანონსებ, რომ ფინალში გავრცელდება ჩემი საუბრები სერგო ორჯონიკიძესა და იოსებ სტალინთან, თუ როგორ ვგეგმავდით გვირაბის გათხრას თავისუფლების მოედნამდე და იქ წითელი დროშის აფრიალებას. ასე, რომ მოვიმარაგოთ პოპკორნი და დაველოდოთ მორიგ სერიალს“, – აცხადებს ვანო ჩხარტიშვილი.
წყარო: “ინტერპრესნიუსი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები