კულტურის მინისტრის პოსტზე ბერიკაშვილის და მაღრაძის კანდიდატურები განიხილება

 

კულტურის მინისტრის პოსტზე მანანა ბერიკაშვილის და დავით მაღრაძის კანდიდატურები განიხილება. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი “პრაიმტაიმი” ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სამთავრობო ცვლილებები თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ განიხილება.
“ვინ დაიკავებს კულტურის მინისტრის პოსტს? ამას ჩვენი წყარო ვერ აკონკრეტებს, თუმცა არ არის გამორიცხული, ამ თანამდებობაზე მინისტრის მოადგილემ მანანა ბერიკაშვილმა გადმოინაცვლოს. ასევე ამბობენ იმასაც, რომ ამ თანამდებობაზე შეთავაზება ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო მწერალმა დავით მაღრაძემ. დაბოლოს, დიდი ალბათობით თანამდებობასთან გამომშვიდობება მოუწევს ფინანსთა მინისტრსაც, რომელიც ბოლო პერიოდში იმდენად ოდიოზურ ფიგურად იქცა, რომ სატელევიზიო ეთერსაც კი მაქსიმალურად ჩამოაშორეს. გარღვეულ ბიუჯეტზე აღარაფერი რომ ვთქვათ, ნოდარ ხადურის სმა-ჭამა თითქმის ყველა იუმორისტული გადაცემის შთაგონების წყაროდ იქცა. 50 პორცია ღორის მწვადი, 23 წიწილა ტაბაკა, 300-ლარიანი ციკანი თონეში – ეს არის არასრული მენიუ, რომლითაც ფინანსთა სამინისტრო ოფიციალურ დელეგაციას ერთ კონკრეტულ რესტორანში გაუმასპინძლდა და ბიუჯეტს ეს ვახშამი 7 ათას ლარზე მეტი დაუჯდა. თუმცა ეს არ არის გამონაკლისი. ხადურის უწყების მიერ შეკვეთილი მენიუები პრესაში რამდენჯერმე მოხვდა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ უწყებამ “პრევენციის” მიზნით, დაგეგმილი მოლხენის ხარჯთაღრიცხვა თავადვე პრესრელიზის სახით გაავრცელა”, – წერს გამოცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები