დარიალის ხეობაში სტიქიის მიზეზად მყინვარის ფენების ინტენსიური მოძრაობა სახელდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, დარიალის ხეობაში სტიქიის გამომწვევი მიზეზი მყინვარის ფენების ინტენსიური მოძრაობაა. უწყების ინფორმაციით, სპეციალისტების შეფასებით, აღნიშნული ტრაგედია 5047 მეტრი სიმაღლის მწვერვალის – მყინვარწვერის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე განლაგებული დევდორაკის მყინვარის ინტენსიური მოძრაობის შედეგია.
“ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ისტორიული მყინვარული ღვარცოფის გააქტიურების შედეგად ჩამოწვა მეწყერი, რომელმაც გადაკეტა თერგის ხეობა, ჩახერგა გზა და სატრანსპორტო კავშირს მოწყვიტა რუსეთ-საქართველოს სასაზღვრო მონაკვეთი.
სტიქიის გამომწვევ მიზეზად ექსპერტები გარე ფაქტორებს არ მიიჩნევენ. სპეციალისტების შეფასებით, აღნიშნული ტრაგედია 5047 მეტრი სიმაღლის მწვერვალის – მყინვარწვერის ჩრილო-აღმოსავლეთ კალთაზე განლაგებული დევდორაკის მყინვარის ინტენსიური მოძრაობის შედეგია.
ეკოლოგიური კატასტროფის შედეგად მიწის უზარმაზარი მასა ჩამოიშალა, რასაც მდინარე თერგისა და სამხედრო გზის ჩაკეტვა მოჰყვა. მყინვარის ფენების მოძრაობის შედეგად ეკოლოგიური კატასტროფა მოხდა 2002 და 2007 წლებშიც”, – აცხადებენ სამინისტროში.
დარიალის ხეობაში ჰესის მშენებლობასა და აღნიშნულ კატასტროფასთან მის კავშირს, როგორც უწყებაში განმარტავენ, სპეციალისტთა შეფასებით, ეს ორი ზონა გეოლოგიურად სრულიად განსხვავებული ზონებია. “ჰესის მშენებლობის ადგილი 4კმ-ით არის დაშორებული სტიქიის ზონას და აღნიშნულ მშენებლობას კატასტროფასთან კავშირი არა აქვს “, – განმარტავენ უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები