ირაკლი ღარიბაშვილი სტიქიის შედეგად გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დარიალის ხეობაში სტიქიის შედეგად უკრაინის გარდაცვლილი მოქალაქის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. პრემიერის განცხადებით, სტიქიის ზონაში 24-საათიან რეჟიმში საგანგებო შტაბი და შესაბამისი სამსახურები თავდაუზოგავად მუშაობენ და განაგრძობენ სამაშველო და ყველა სხვა აუცილებელ ოპერაციებს საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, რადგან სტიქიის განმეორების საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს.
“დარიალის ხეობაში მესამე დღეა ვებრძვით სტიქიას. სტიქიის შედეგად გარდაიცვალა ერთი ადამიანი და დაკარგულად ითვლება – შვიდი. მიუხედავად იმისა, რომ სამაშველო სამსახურებმა დროული დახმარება აღმოუჩინეს უკრაინის მოქალაქეს და ვერტმფრენით სასწრაფოდ გადაიყვანეს კლინიკაში, მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მინდა დიდი მწუხარება გამოვთქვა უკრაინელი მოქალაქის გარდაცვალების გამო და სამძიმარი გამოვუცხადო მის ოჯახს.
ადგილზე 24-საათიან რეჟიმში მუშაობს საგანგებო შტაბი. ჩვენი სამსახურები თავდაუზოგავად მუშაობენ და განაგრძობენ სამაშველო და ყველა სხვა აუცილებელ ოპერაციებს საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, რადგან ჯერ კიდევ არსებობს სტიქიის განმეორების საფრთხე. პირადად ჩემი და საქართველოს მთავრობის სახელით, მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა მათ!
ასევე, მადლობას ვუხდით რუსეთის მხარეს ტექნიკითა და სხვა აღჭურვილობით დახმარების შემოთავაზებისთვის. შექმნილ რთულ ვითარებაში მათ ოპერატიულად გამოხატეს მზადყოფნა თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის.
ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად მოვაგვაროთ ვითარება, მაქსიმალურად ვიზრუნოთ ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეზე, ვინც ამ დახმარებას საჭიროებს“, -აცხადებს პრემიერი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები