„არანორმალურია გვარამიას განცხადება, შესაბამისად, არასამთავრობოების მხრიდან რეაგირება უნდა მომხდარიყო”

„ყოფილ პროკურორს უნდა ახსოვდეს, რომ თითოეულ ჩვენგანს აქვს კონსტიტუცით მინიჭებული უფლება გააკეთოს არჩევანი“, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას, საპრეზიდენტო დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის დაფინანსების შესახებ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.
ამასთან, კახა კალაძე არასამთავრობო სექტორსაც აკრიტიკებს.
კალაძის განცხადებით, ეს ადამიანები არიან წარსულში ჩარჩენილები და ცდილობენ საზოგადოებაზე ზეწოლა მოახდინონ და შეუზღუდონ თავისუფლების გამოხატვის შესაძლებლობა.
„რაც შეეხება არასამთავრობოების სიჩუმეს, მგონი, აქ არაფერი უნდა გაგვიკვირდეს, არც ჩვენ და არც, ზოგადად, საზოგადოებას. არასამთავრობოები ძირითადად შექმნილია “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან, მათი ხელდასმულები არიან და დღეს ისინი ან ხიბლში არიან, ან ვალში. არ უნდა გაგვიკვირდეს მათი მხრიდან სიჩუმე იმ ამაზრზენ და არაადეკვატურ განცხადებაზე, რომელიც გააკეთა პარტიული ტელევიზიის ხელმძღვანელმა. ამავდროულად, ყოფილ პროკურორს უნდა ახსოვდეს, რომ თითოეულ ჩვენგანს აქვს კონსტიტუცით მინიჭებული უფლება – გააკეთოს არჩევანი, ეს არის თავისუფლების გამოხატვა, გააკეთოს არჩევანი ამა თუ იმ კანდიდატთან მიმართებაში. ეს ადამიანები არიან წარსულში ჩარჩენილები და ცდილობენ იმ ადგილიდან, სადაც იმყოფებიან საზოგადოებაზე ზეწოლა მოახდინონ და შეუზღუდონ თავისუფლების გამოხატვის შესაძლებლობა. ჩვენ, საზოგადოებამ, რა თქმა უნდა, უნდა მოვახდინოთ კონსოლიდაცია და ჩავტოვოთ იქ, სადაც არიან. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ უნდა მოვახდინოთ ერის გაერთიანება. არ გვჭირდება გაყოფილი საზოგადოება, ეს ძალიან ცუდია. ვიცით, როგორი იყო წლების განმავლობაში დაყოფილი საზოგადოება, დაპირისპირებული საზოგადოება, ამიტომ გვჭირდება ერთიანობა, ურთიერთპატივისცემა, მეტი სიყვარული. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვართ ის ძალა, რომელიც შეძლებს საზოგადოების გაერთიანებას. ამას დრო დასჭირდება, მაგრამ შევძლებთ”, – განაცხადა კალაძემ.
კალაძე მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადება “არანორმალური”იყო.
„არანორმალურია ის განცხადება, რომელიც გაკეთდა. შესაბამისად, არასამთავრობოების მხრიდან უნდა მომხდარიყო რეაგირება. ორმაგი სტანდარტი, რასაც დღეს ვხედავთ, კატეგორიულად მიუღებელია. ის რეიტინგი, რომელიც საზოგადოებაში გააჩნიათ არასამთავრობოების წარმომადგენლებს, იქ იქნებიან, თუ არ განახორციელებენ და არ მოახდენენ რეაგირებას ასეთ განცხადებებზე”, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი სალომე ზურაბიშვილის დაფინანსების საკითხს „ფეისბუქზე“ გამოეხმაურა. როგორც ნიკა გვარამია წერს: „უკიდურესად უნდა შევავიწროვოთ ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს მხარს უჭერს, აფინანსებს ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარება”. ამასთან, მისივე შეფასებით, ზურაბიშვილის ყველა მხარდამჭერი “მოღალატის გვერდში დამდგომი ხალხია”.
ცნობისთვის, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები