მეუფე შიო: საოცარია, რომ ჩვენი ქვეყანა გახდა ღვთისმშობლის წილხვედრი – ამით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გამოავლინა განსაკუთრებული სიყვარული ჩვენდამი

საოცარია, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ჩვენი ქვეყანა გახდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. ამით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გამოავლინა განსაკუთრებული სიყვარული ჩვენდამი და ეს მთელ სამყაროს აუწყა, უჩვენა ამ დიდებული, სასწაულთმოქმედი ხატის, საქრისტიანოს ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდის, ჩვენთან მოვლინებით, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღეს, ქადაგებისას განაცხადა.

მისი თქმით, უფალი მუდამ ზრუნავს ჩვენზე, არასდროს არ გვტოვებს და ასევე მუდამ ზრუნავს ჩვენზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი.

„მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს – ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენებას, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

დღეს წაკითხული სახარება მოგვითხრობს მკვდრეთით აღდგომილი იესო ქრისტეს შეხვედრის შესახებ თავის ორ მოციქულთან – ლუკასა და კლეოპასთან, როდესაც ისინი ემაუსში მიდიოდნენ. უფალი იესო ქრისტე მიდის მათთან და ესაუბრება, მაგრამ ისინი ვერ იცნობენ მას, მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით იტყვიან, რომ გულში იგრძნეს დიდი მხურვალება ამ საუბრის დროს. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი სახლში შედიან და უფალი იესო ქრისტე აღასრულებს ევქარისტიის საიდუმლოებას, პურს გატეხავს და მათ მისცემს, აი, მაშინ იცნობენ, რომ მათ წინაშე არის მაცხოვარი.

რატომ მოხდა ასე, რომ მათ თავიანთი მოძღვარი ვერ იცნეს ამ საუბრის დროს?

ისე ხდება, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ხშირად ადამიანები ცდილობენ, თავიანთი გონებით შეიცნონ ღმერთი. ამისთვის კითხულობენ წმინდა წერილს, ეცნობიან სხვადასხვა ლიტერატურას, საღვთისმეტყველო წიგნებს, უსმენენ ქადაგებებს. ეს, რა თქმა უნდა, მათ ეხმარება, ლუკას და კლეოპას მსგავსად შეიძლება გულიც კი გაუთბოს, მაგრამ სრულიად არ არის საკმარისი ღმერთის შესაცნობად, იმისთვის, რომ იგრძნო და დაინახო შენს ცხოვრებაში ღმერთის არსებობა, მასთან კავშირი დაამყარო, განიცადო მასთან შეხვედრა. ამისთვის საჭიროა იმონაწილეო ევქარისტიის საიდუმლოებაში და სინანულითა და რწმენით ეზიარო ქრისტეს სისხლსა და ხორცს. აი, მხოლოდ მაშინ, ასე ვთქვათ, ეს წიგნები კი არ მუშაობს შენში, შენი გონების და გონივრული წიგნების დამსახურება კი არ არის, არამედ უკვე მთელი შენი გულითა და გონებით გრძნობ ღმერთის არსებობას, ხედავ მას შენს ცხოვრებაში, ისევე, როგორც ლუკამ და კლეოპამ დაინახეს, იცნეს მაცხოვარი მხოლოდ მაშინ, როდესაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარნენ.

ამრიგად, დღევანდელი სახარება გვასწავლის, რომ წმინდა ზიარებას აქვს არა მხოლოდ ძალა, რომ ჩვენი სულიერი და ხორციელი ვნებები განკურნოს, არამედ ასევე გვეხმარება რწმენის გაძლიერებაში, იმაში, რომ შევიგრძნოთ უფლის სიახლოვე, შევიგრძნოთ ის, რომ უფალი ამ თავისი დიდი საიდუმლოებით ხელს გვიწვდის და გვიღებს ჩვენ, უღირს და უძღებ შვილებს.

ამიტომ, ძვირფასო ძმებო და დებო, უნდა ვეცადოთ, უფრო ხშირად სინანულით, უფლის იმედის წყალობით ვეზიაროთ ქრისტეს სისხლსა და ხორცს და ამით დავუახლოვდეთ უფალს. ამ სიახლოვის შედეგად გავძლიერდეთ სულიერად და ხორციელად, რომ შევძლოთ, ღირსეულად წარვმართოთ ჩვენი ცხოვრება.

დღეს არის ასევე დიდი დღესასწაული – ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენება, ამ შესანიშნავი ტაძრის დღესასწაული. გილოცავთ კიდევ ერთხელ ყველას, ვინც ამ ტაძარში მსახურობთ, ვინც შრომობს, ვინც გალობს, ვინც მონაწილეობა მიიღეთ ამ ტაძრის მშენებლობაში. აქ გვესწრება წინამძღვარი ამ ტაძრისა, არქიმანდრიტი შიო, არქიტექტორი, ბატონი ომარ ნაფეტვარიძე, ბატონი გიორგი თავაძე და სხვები, არ გამომრჩეს არავინ. ღმერთმა დაგლოცოთ!

საოცარია, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ჩვენი ქვეყანა გახდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. ამით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გამოავლინა განსაკუთრებული სიყვარული ჩვენდამი და ეს მთელ სამყაროს აუწყა, უჩვენა ამ დიდებული, სასწაულთმოქმედი ხატის, საქრისტიანოს ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდის, ჩვენთან მოვლინებით. აქედან ჩანს, რომ უფალი მუდამ ზრუნავს ჩვენზე, არასდროს არ გვტოვებს და ასევე მუდამ ზრუნავს ჩვენზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ლოცულობს ჩვენთვის უფლის წინაშე, რისი ნიშანიც არის ამ შესანიშნავი ხატის მობრძანება ქართველთა მონასტერში.

კიდევ ერთხელ, ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გილოცავთ დღევანდელ დღეს, ინებოს მკვდრეთით აღდგომილმა უფალმა იესო ქრისტემ, რომ ჩვენი გულები გაანათოს და გაგვაძლიეროს სულიერად და ხორციელად, რათა დიდი სიხარულით სიყვარულით ვუთხრათ ერთმანეთს: ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა!“, – განაცხადა მეუფე შიომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები