დარიალის ხეობაში გადაადგილება აიკრძალა
მყინვარწვერზე არსებული მეწყერსაშიში ზონის გამო დარიალის ხეობაში გადაადგილება აიკრძალა.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ განაცხადა, მყინვარწვერზე დარჩენილია მოუწყვეტელი მეწყრის ნაწილი, რის გამოც გადაადგილება შეზღუდულია როგორც ტრანსპორტის, ისე მოქალაქეებისთვის, მათ შორის მედიის წარმომადგენლებისთვის.
“გადაადგილება შეზღუდულია უსაფრთხოებისთვის. მყინვარზე ჩვენ მობილიზებული გვყავს ალპინისტების ჯგუფი, ასევე მესაზღვრეები და მეწყრის დარჩენილი ნაწილის დაძვრის შემთხვევაში ისინი მოგვაწვდიან ინფორმაციას, რათა თავიდან ავიცილოთ კატასტროფა. სიტუაცია მაქსიმალურად კონტროლდება, რადგან ხელახალი მეწყრის შემთხვევაში მოხდეს იქ მყოფი ადამიანების ევაკუაცია”, – განაცხადა მინისტრმა.
ამასთან, ჭიკაიძის თქმით, ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 7 პირი, რომელთა შორის შესაძლოა იყვნენ საქართველოს მოქალაქეები. რაც შეეხება მიმდინარე სამუშაოებს, როგორც შს მინისტრმა განაცხადა, გაკეთებულია ახალი კალაპოტი და შესრულებულია გაწმენდითი სამუშაოების 60-70%.
მისივე თქმით, მაქსიმალური კონტროლია დაწესებული ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტთან, სადაც შს სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებული. “გაფრთხილებულია აბსოლუტურად ყველა სასაზღვრო პუნქტი, რომ ლარსის პუნქტთან გადაადგილება არის შეუძლებელი. შესაბამისად, სასაზღვრო პუნქტზე გადაადგილება არ ხდება”, – განაცხადა ჭიკაიძემ.
ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე გუშინ ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. მისი თქმით, ვითარება პირად კონტროლზე აქვს აყვანილი და კვლავ რეგიონში რჩება.
დარიალის ხეობაში სამუშაოები გრძელდება. ალექსანდრე ჭიკაიძე უკვე მეორე დღეა ყაზბეგში იმყოფება.