პრემიერ-მინისტრი: ქვეყნის მართვაში ჩვენთვის ხალხის მონაწილეობაა მთავარი
თბილისის თავკაცობა უაღრესად საპატიო თანამდებობაა და მე ძალიან მიხარია, რომ საქართველოს ამ შესანიშნავი კუთხიდან არის დავით ნარმანია – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში მოსახლეობასთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.
პრემიერის თქმით, ქვეყნის მართვაში ხელისუფლებისთვის ხალხის მონაწილეობაა მთავარი.
“კარს მოგვადგა თვითმმართველობის არჩევნები. ერთი თვეც აღარ დარჩა 15 ივნისამდე.
მე ბედნიერი ვარ, რომ სწორედ ,,ქართული ოცნებაა“ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც საკუთარი ნებით ატარებს ქვეყნის მართვის ისეთ რეფორმას, რომელიც ძალაუფლების ხალხისათვის რეალურ გადანაწილებას – ხალხის მმართველობას გულისხმობს.
ჩემო ძვირფასებო,
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად აქტუალურია თვითმმართველ ორგანოებში დასაქმებული საჯარო მოხელეების საკითხიც. მოქმედი კანონით, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ყველა საჯარო მოხელე დროებით მოვალეობის შემსრულებლად ცხადდებოდა. მინდა დავამშვიდო ყველა საჯარო მოხელე. მე უმრავლესობას მივმართე ამ ინიციატივით და კანონში შევიდა ცვლილება – არჩევნების შემდეგ საჯარო მოხელეებს აღარ დაითხოვენ სამსახურიდან, შტატების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას კი, მუნიციპალიტეტები დამოუკიდებლად მიიღებენ. ვიცი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში დღეს დასაქმებული ადამიანებისთვის.
ქვეყნის მართვაში ჩვენთვის ხალხის მონაწილეობაა მთავარი. თქვენ გარეშე, თითოეული ზუგდიდელის მონაწილეობის გარეშე ზუგდიდის ბედს ვერავინ გადაწყვეტს! თქვენ უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა და უპატრონოთ თქვენს ქალაქს ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად და დაუბრუნოთ ზუგდიდს ძველი ხიბლი. გქონდეთ ჩვენი იმედი! ჩვენ ყველაფერში გვერდში დაგიდგებით!
მეგრელები გამორჩეულად ნიჭიერი ხალხი ხართ, განსაკუთრებით კარგად ლიდერობა შეგიძლიათ. ხელისუფლებაში ბევრი გვყავს ამ კუთხის შვილები, რომლებიც უანგაროდ ემსახურებიან ქვეყანას. ახლაც სწორედ სამეგრელოში დაბადებულ კაცს, ჩვენი გუნდის ღირსეულ წვერს გამოვუცხადეთ ნდობა და წარვადგინეთ ჩვენი ქვეყნის დედაქალაქის მერის თანამდებობაზე. თბილისის თავკაცობა უაღრესად საპატიო თანამდებობაა და მე ძალიან მიხარია, რომ საქართველოს ამ შესანიშნავი კუთხიდან არის დავით ნარმანია – ადამიანი, რომელსაც ჩვენ თბილისზე ზრუნვას ვანდობთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ღირსეულ გამარჯვებას მოიპოვებს და ამით თქვენც იამაყებთ“ -აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.