ილია მეორე : უფალი არასდროს დატოვებს საქართველოს მფარველობის გარეშე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გუშინდელ დღეს “ისტორიული დღე” უწოდა.
როგორც პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, გუშინ უფალმა დიდი წყალობა გაიღო და მთელი საქართველო დალოცა.
“უფალს უჭირავს საქართველოს ხელი, როგორც ბავშვის ხელი და გვატარებს ამ უდაბნოებში. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ არ გვტოვებს. მრავალი განსაცდელი გამოიარა და რა თქმა უნდა, ეს განსაცდელი კიდევაც იქნება. სანამ ადამიანი დედამიწაზეა, განსაცდელი მუდამ არის, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი არასდროს დატოვებს საქართველოს თავისი მფარველობის გარეშე, რადგან საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ღვთისმშობელი არის შუამავალი ღვთის წინაშე. გუშინდელი დღე არის ისტორიული დღე. გუშინ უფალმა მოიღო დიდი წყალობა და დალოცა მთელი საქართველო და ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც ცხოვრობენ არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთში. ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისთვის. თქვენ უნდა დალოცოთ თქვენი შვილები იმ ლოცვით, რომელიც გუშინ მე წავიკითხე”, – მიმართა მრევლს ილია მეორემ.